ქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ, არ დაგვეხმარნენ, ჩვენ მარტო დაგვტოვეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 44-წლიანი ომის შემდეგ, მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდა, თუმცა სოციალურ-ფსიქოლოგიური კრიზისის გადასალახად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
„პარლამენტის დათხოვნიდან ორ დღეში, 2021 წლის 12 მაისს, აზერბაიჯანის ძალებმა სომხეთის საზღვარი დაარღვიეს და სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამ სიტუაციაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც სომხეთის უსაფრთხოების სისტემად ითვლება, და ქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ, ჩვენ საერთოდ არ დაგვეხმარნენ, მარტო დაგვტოვეს. ამ პროვოკაციის მიზანი იყო დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩაგდება და სომხეთის სახელმწიფოებრიობის პარალიზება ან გარე ძალებზე დამოკიდებული მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა ასეთ გარემოებებში სომეხმა ხალხმა შეძლო, მყარად დამდგარიყო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატის დაცვის პოზიციაზე“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ეს იყო არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე თავისუფალ, დემოკრატიულ, გამჭვირვალე და კონკურენტულად შეაფასეს. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთის ისტორიაში პირველად არჩევნები გახდა შიდა კრიზისის გადალახვის საშუალება და არა პირიქით.
„თუმცა დემოკრატია სომხეთში იღებდა და კვლავ იღებს ძლიერ დარტყმებს განმეორებითი სცენარით – გარე აგრესია, შემდეგ უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მოკავშირეების უმოქმედობა, შემდგომ ომი ან ჰუმანიტარული ვითარება ან უსაფრთხოებისთვის საგარეო საფრთხე, დემოკრატიის და სუვერენიტეტის დამხობის მცდელობები, რაც გამოიხატება ჰიბრიდული ტექნოლოგიებით, შიდა არასტაბილურობის პროვოცირებით და გარე ძალებით იმართება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, როგორც სომხეთის პრემიერმა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, რობერტა მეცოლასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთი ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ელოდება რიგი გამოწვევების გადალახვაში, მათ შორის ჰუმანიტარული პრობლემების, რაც გამოწვეულია ყარაბაღიდან 100 ათასზე მეტი სომეხის იძულებით გადაადგილებით.
„ჩვენ გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება და არ გვსურს, ეს რამე სახით დავუპირისპიროთ ჩვენი რეგიონული ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.