ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს -საქსტატი

2
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ მოკლე ინფორმაცია აღწერის შედეგების დამუშავების მიმდინარეობის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 2024 წლის 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია“, – აღნიშნულია განმარტებაში.

როგორც საქსტატში აცხადებენ, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღწერის ფარგლებში მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი, ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბერი – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი.

„აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავდა აგრეგირებულ ინფორმაციას მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების საფუძველზე“, – აღნიშნავენ საქსტატში.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. აღწერის დეტალური, ანუ საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

„საქსტატი გამოხატავს მზადყოფნას, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.