პენსიონერებს „ლიბერთი ბანკის” სესხის გარდა, სხვა ბევრი პრობლემა აქვთ! მე მიკავშირდება უამრავი პენსიონერი და მათგან ვისმენ წარმოუდგენელ ისტორიებს. ჩვენ ქვეყანაში არსებობენ პენსიონერები, რომლებიც სახელმწიფოსგან დავიწყებული არიან და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იგი მიმართავს ხელისუფლებას, დროულად იმოქმედონ და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ ადამიანებს ე.წ. ოვერდრაფტები გაუნულდეთ.
„პარასკევს ვიყავი თელავში, ასამდე განცხადებით მივმართეთ „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერების დასახმარებლად და მათი „ოვერდრაფტების“ გამო. სანამ „ოვერდრაფტების“ პრობლემას შევეხები, მინდა მოგიყვეთ სხვა პენსიონერების მდგომარეობაზე, რომლებსაც „ლიბერთი ბანკის“ ვალი არ აქვთ, მაგრამ აქვთ სხვა პრობლემები. პენსიონერებს დღეს აქვთ შემწეობის ტოლფასი პენსია და ეს ოცი ლარის მატება არაფერს არ შველის, რადგან ყველაფერი ათმაგად გაძვირებულია. თელავში შეხვედრაზე გავიცანი ქალბატონი, რომელიც მზესუმზირას ყიდდა, რადგან პენსია მას არ ჰყოფნის საარსებოდ. მას ცოტა ხნის წინ გაუკეთეს თვალის ოპერაცია. ოპერაციაზე შესვლამდე ორივე თვალით ხედავდა, ოპერაციის შემდეგ კი მხოლოდ ერთი თვალით. როგორც თავად ამბობს, ექიმის დანაშაული იყო, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებს, რადგან მას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ თავი დაიცვას, მას არ ჰყავს პატრონი და სახელმწიფოს კი ის არ ადარდებს. ასეთი ადამიანი უამრავია ამ ქვეყანაში. კიდევ ერთი მსხვერპლის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც თელავში გავიცანი. შეხვედრის შემდეგ მე მას სახლში ვესტუმრე. ეს ქალბატონი წავიდა ქვეყნიდან, რომ ოჯახს დახმარებოდა, მაგრამ უბედური შემთხვევის დროს ჩამოწყდა ლიფტი, მას ორივე ფეხი დაემსხვრა და ახლა ეტლზეა მიჯაჭვული. მან ბანკს მიმართა იმიტომ, რომ შვილიშვილისთვის სწავლის საფასური გადაეხადა. ეტლზე მიჯაჭვულ ქალბატონს გაუფორმა ბანკმა „ოვერდრაფტი“ და ის ექვსი წელია რაც ვალს იხდის. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომლის სახელსაც პენსიონერები სწორადაც კი ვერ წარმოთქვამენ, რაც ძალიან კარგად ცხადყოფს, რომ მათთვის არავის აუხსნია, თუ რა სახის სესხს აძლევდნენ. არაერთხელ მოგვისმენია „ქართული ოცნებისგან“ ბოდიში, მაგრამ მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ გვიანია ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც წამალი ვერ იყიდეს როცა ცუდად იყვნენ; რომლებმაც სახელმწიფოსგან მზრუნველობა ვერ მიიღეს“ როცა მათ ეს სჭირდებოდათ. მივმართავ ,,ქართულ ოცნებას“, სანამ გვიანი არ არის, სანამ შეგიძლიათ მათი მდგომარეობის გამოსწორება, იმოქმედეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ ადამიანებს „ოვერდრაფტები“ გაუნულდეთ და ყოფა შეუმსუბუქდეთ!“ – განაცხადა დეპუტატმა.