ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის, ამ ფასს ყველა გადაიხდის, ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას-სალომე ზურაბიშვილი

15
სალომე
spot_img

ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის, ამ ფასს ყველა გადაიხდის. ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათე დევიძე დღეს შედგა როგორც ადამიანი და ქვეყნის ისტორიაში შევიდა.

„დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის. იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აყენებენ. თუმცა, რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას ან არ დგას, საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს. ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის. ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ, ზეგ. ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, ის მოსამართლე, ის პროკურორი, რომლებიც იქ სხედან, ამ დარბაზში და არ ვიცი, რას ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნებათ მათ.

მე ვიცი, რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში, ჩვენ მას არ დავივიწყებთ. ის იქნება ღირსების ჩვენი ერთი სიმბოლო. ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ. ეს არ არის სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ საფეხურებზე წავლენ და საქმე სტრასბურგშიც განიხილება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.