“ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს!” – მეუფე საბა

155
spot_img

გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნოების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ ჰგონია მუშტების ქნევით, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით! – პირობას ვდებ, არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ცოდვილ ადამიანს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი „ფეისბუქზე“ წერს.

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი სოციალურ ქსელში სასულიერო პირების შეცდომაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ „ხანდახან ზედმეტებიც მოსდით“, მისივე თქმით, „ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს“.

„მე ახლა ვიტყვი ჩემს სათქმელს, რაც უნდა ვთქვა, მართალია პასუხი გაეცა ეპარქიის მხრიდან, მაგრამ მეც დავამატებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს ყველა ერი და ხალხი. ყველა კულტურის და რელიგიის წარმომადგენელი და ჩვენ აქ გვიწევს ასეთ პირობებში ცხოვრება.

ამავე დროს ჩვენ აქ გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნოების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ გონია მუშტების ქნევით, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით, საკუთარი მაგალითის მიცემით! რადგან ჩვენ ვართ ნათელი ამა სოფლისა! და ჩვენ მოვალე ვართ მივცეთ მაგალითი სხვებს, ვუჩვენოთ სიყვარული სხვებს, ვუჩვენოთ საკუთარი სიწმინდით და ეკლესიის ტრადიციათა დაცვით საკუთარი სარწმუნოება, აი, სწორედ მაშინ ვიქნებით ნათელი ამა სოფლისა, რომელიც დიახ, სხვებს და ყველას გაუნათებს გზას! და არა ისე, როგორც მავანთ სწადიათ, რომ თითქოს მართლმადიდებლური სარწმუნოება შეიძლება დაცული იყოს სიძულვილის ენით ან სხვათა შეურაცხყოფით, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ადამიანი!

აი, ამას ვერ იტანენ ჩემგან, ეს არ მოსწონთ ჩემში და ყველა სხვაში, ვინც ამბობს: „შეიძულე ცოდვა და არა ადამიანი!” აი, მათ კი პირიქით, სძულთ ადამიანი და ადამიანები! აი, ჩვენ, კი არ გვძულს ცოდვილი ადამიანები, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ სინანულისკენ! ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ყველას მოვუწოდებთ გულწრფელი სინანულისკენ, ყველასთვის ღიაა ეკლესიის კარი. ყველას ელოდება ღმერთი, ვინც გამოთქვამს სინანულს. მე პირობას ვდებ, მე არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი, რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ცოდვილ ადამიანს და ვისაც ასე უნდა, ამ ქვის სროლა, მაშინ მას მოუწევს არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ იესო ქრისტეს წინააღმდეგ წასვლა! ასე რომ მან ისროლოს ქვა ვინც უცოდველია!

სამწუხაროდ, ასე იქცევა ზოგი ქრისტიანი და ჩვენ ვუსმენთ მათ, მათ სიძულვილის ენას და ეს სამწუხაროა!

ჩვენც გვეშლება სასულიერო პირებს, ხანდახან სოციალურ ქსელში ზედმეტიც მოგვდის, ესეც ხდება, ჩვენც შეიძლება შეგვეშალოს, მაგრამ ქვა არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს! ჩვენც ადამიანები ვართ და ამისთვის შენდობას ვითხოვთ, მაგრამ მე არასდროს არ ვითხოვ შენდობას იმისთვის, რასაც მოძალადეებს ვეუბნები, რომ მათ არ აქვთ უფლება იძალადონ! მათ არ აქვთ უფლება შეურაცხყონ თუნდაც ერთი ადამიანი, რომ არ აქვთ უფლება წინ აღუდგნენ ძალადობით რაიმე ცოდვას, არამედ ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ხელშია ერთადერთი იარაღი – საკუთარი ცხოვრება – სხვისთვის მაგალითის მიცემა საკუთარი ცხოვრებით! აი, ეს არის ქრისტიანობა! ქრისტემ ხომ მაგალითებით გვასწავლა… მან ხომ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხა?! მან ხომ მასზე მოწეულ ძალადობას ძალადობით არ უპასუხა?! არამედ, ჯვარს ეცვა და მსოფლიოში ყველაზე დიდი უსამართლობა მას ხვდა წილად! მოვა უფალი და განგვიკითხავს ჩვენ!” – წერს მეუფე საბა.