კითხვას ვსვამ, როდის უფრო დაცული იქნება საქართველო, როდესაც აშშ-ის მსგავსი ზესახელმწიფო შენ გვერდით არის თუ როდესაც მარტო ხარ მიტოვებული და მტრისთვის საჯიჯგნად ხარ ქცეული?-გიორგი ვაშაძე

22
spot_img

კითხვას ვსვამ, როდის უფრო დაცული იქნება საქართველო, როდესაც აშშ-ის მსგავსი ზესახელმწიფო შენ გვერდით არის თუ როდესაც მარტო ხარ მიტოვებული და მტრისთვის საჯიჯგნად ხარ ქცეული? – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ითხოვს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას ირაკლი კობახიძისგან, ეწინააღმდეგება თუ არა კობახიძე აშშ-თან უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობასა და ამერიკულ ინვესტიციებს.

„მინდა, შეკითხვა დავუსვა ირაკლი კობახიძეს. ამერიკის სენატმა, საგარეო კომიტეტმა მიიღო „მეგობარი აქტი“. მე მინდა, გკითხო პირადად შენ და შენს თანაგუნდელებს, „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შემოტანას, თქვენ ამას ეწინააღმდეგებით? თქვენ ეწინააღმდეგებით უვიზო მიმოსვლას ამერიკის შეერთებულ შტატებთან? თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ ქართველი ახალგაზრდები წავიდნენ და განათლება მიიღონ ამერიკაში? თუ იმას ეწინააღმდეგებით, რომ უფრო მეტი თავისუფალი ვაჭრობა გვქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან? კითხვაზე პასუხი გამეცით კონკრეტულად. თუ იმას ეწინააღმდეგებით, რომ მეტად დაგვეხმაროს ამერიკა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში? ათას სიგიჟეს საუბრობენ თქვენი თანაგუნდელები. კითხვა მაქვს, ამ ყველაფრის წინააღმდეგები ხართ? ანუ, არ გინდათ, რომ ქართველებმა უვიზოდ იარონ ამერიკაში? არ გინდათ, რომ ამერიკული კომპანიები შემოვიდნენ? არ გინდათ, რომ განათლება ჩვენმა ახალგაზრდებმა ამერიკაში მიიღონ? დააფიქსირეთ ამაზე კონკრეტული პოზიცია.

უფრო მეტიც, კითხვას ვსვამ, როდის უფრო დაცული იქნება საქართველო და როდის უფრო მეტად იქნება მშვიდობა გარანტირებული საქართველოში, როდესაც ამერიკის მსგავსი ზესახელმწიფო შენ გვერდით არის თუ როდესაც მარტო ხარ მიტოვებული ბედის ანაბარა და მტრისთვის საჯიჯგნად ხარ ქცეული? ამ კითხვებს გაეცით კონკრეტულად პასუხი. თქვენ ახლა ფაქტობრივად ყველაფერზე საუბრობთ, გარდა იმ რეალური შინაარსისა, რაც არის „მეგობარ აქტში“. ის რომ, იქ საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, კრიზისის განმუხტვაზე, რომლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების ჩატარება. ეს თქვენ ძალიან გაწუხებთ და გტკივათ, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებას კონკრეტულად გვაინტერესებს, დააფიქსირეთ პოზიცია. პასუხი მჭირდება და ყველას გვაინტერესებს, დააფიქსირეთ კი ან არა. ხომ არ შეიძლება, ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ბოლომდე დაგაკარგვინოთ გონი? ხომ არ შეიძლება, მეგობარი გამოაცხადო მტრად? ხომ არ შეიძლება, ქვეყნის ეროვნული ინტერესები გათელოთ ფეხქვეშ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ? რას გავხართ, იცით? თქვენი პოლიტიკა არის, რომ ან ჩვენ ვიქნებით, ან ქვა ქვაზეც არ დარჩენილა, წყალსაც წაუღია აბსოლუტურად ყველაფერი. ასე არ არის, ჩემო კარგებო“, – განაცხადა ვაშაძემ.