„ქოცებს“ ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ შუა აზიის საზოგადოება, რომელსაც თავში თუ წამოუტყაპუნებ, დაიჭერ, გალახავ, ჭკვიანად იქნება და ძუნძულით გამოგყვება რუსეთისკენ – ხელისუფლებას ეშლება!”

16
spot_img

ხელისუფლება ცდილობს ხალხი „ნაცური“ მეთოდებით დააშინოს და უფრო და უფრო მეტად ემსგავსება იმას, ვისაც მთელი ცხოვრება ებრძოდა – „ქოცებს“ ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ შუა აზიის საზოგადოება, რომელსაც თავში თუ წამოუტყაპუნებ, დასჯი, დაიჭერ, გალახავ, ჭკვიანად იქნება და ეგრევე გამოგყვება ძუნძულით რუსეთისკენ, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არ სჯერა, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ რომელიმე ადამიანი “გამოსწორდება”.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ეს არა მონების, არამედ თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაა და “ქართულ ოცნებას” სწორედ ეს ეშლება.

“ჩემი აზრით, ეს ნიშნავს ხელისუფლების ისტერიკას, რომელიც ცდილობს ადამიანები დააშინოს “ნაცური” მეთოდებით და შესაბამისად, უფრო და უფრო მეტად ემსგავსება იმას, ვისაც ებრძოდა მთელი ცხოვრება. მე არ მჯერა, რომ ამას რაიმე შედეგი ექნება, არ მჯერა, რომ რომელიმე ადამიანი “გამოსწორდება” ამ გალახვის შემდეგ და “ქართული ოცნებისთვის” რამე უკეთესობა იქნება. ზუსტად იგივე ნაწილია ხალხის დაკავება, ზუსტად, ასევე, ისტერიას წააგავს ესეც. ამ შემთხვევაში უკვე ბავშვების მშობლებს აშინებენ, რომ თქვენი შვილები რომ არ გაიშარონ აქციაზე, არ გაუშვათო. ამაზე უარესს აკეთებდნენ “ნაცები” 2012 წელს და მე მგონია, “ქოცებიც” აგრძელებენ შესაბამისად. მე მგონია, აუხდებათ ის გამოთქმა, რომელსაც ხალხი ნელ-ნელა ქუჩაშიც სკანდირებს უკვე – “ქოცებო, თქვე ნაცებო”. ადამიანებისთვის, ზედ არჩევნების წინ, არანაირი განსხვავება არ იქნება 2012 წლის “ნაცებსა” და დღევანდელ “ქოცებს” შორის, იმიტომ, რომ ერთი და იგივე ტემპი აქვთ აკრეფილი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შენარჩუნების.

ჩემი აზრით, “ქოცები” არ იცნობენ ქართულ საზოგადოებას. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ შუა აზიის საზოგადოება, რომელსაც თავში თუ წამოუტყაპუნებ, დასჯი, დაიჭერ, გალახავ, ჭკვიანად იქნება და ეგრევე გამოგყვება ძუნძულით რუსეთისკენ. მგონია, რომ ამაში ეშლებათ ფუნდამენტურად, რომ ეს არა მონების საზოგადოება, არამედ თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაა. სწორედ ამიტომ მჯერა მე ჩემი ქვეყნის და ჩემი თანამოქალაქეების,” – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, გუშინ, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლევები უტარდება. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ღვინიანიძესაც.