ქმნიან თუ არა ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და თამარ ჩუგოშვილი პოლიტიკურ პარტიას

285
spot_img

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ძალიან მალე თამარ ჩუგოშვილმა, ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ პოლიტიკური პარტია შექმნან, რომელიც 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ წყარო უყვება, ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის დასავლეთისთვის მთავარი დასაყრდენი ძალა გახდება. წყაროს ინფორმაციით, 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსთაველზე გამოსულ ახალგაზრდების ამ უკონტროლო ძალას, რომელიც სერიოზული ანგარიშგასაწევია, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები სჭირდება და ამ ლიდერებად სწორედ ეს სამეული შესაძლოა მოიაზრებოდეს.

აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით „ჯორჯიან თაიმსი“ თამარ ჩუგოშვილსა და ნინო ლომჯარიას დაუკავშირდა. რესპონდენტებმა გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

“ამ ქალებთან ერთად ნებისმიერ საქმეში სიამოვნებით ვიქნებოდი, თუმცა ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, თუ ოდესმე პოლიტიკური საქმიანობა გადავწყვიტე, ამას საზოგადოება პირველი ჩემგან გაიგებს,”– განაცხადა ჩვენთან საუბარში ნინო ლომჯარიამ.

ასევე, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი სახალხო დამცველი „ლელოს“ შეუერთდებოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია თავად ლომჯარიამ არ დაადასტურა.

პარტიის შექმნის შესახებ, გავრცელებული ინფორმაცია „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ შეაფასა. მისი თქმით, ასეთი პარტიის შექმნა ურიგო არ იქნებოდა.

„ყველას აქვს უფლება პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას, თუ აქვს სურვილი, შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსი.  როგორც ჩანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაფიქრდნენ იმაზე, რომ პროდასავლური ფრთა სუსტია საქართველოში. სერიოზული ტვირთები აქვთ, რომელთა დაძლევის უნარი და საშუალება არ გააჩნიათ და ცდილობენ, რომ ამ მიმართულებით ხელი შეუწყონ და წაახალისონ  ორგანიზაციების შექმნა. 

აქ ისმის მარტივი კითხვა. ნინო ლომჯარია,  ეკა გიგაური და თამარ ჩუგოშვილი საკმაოდ გამოცდილი პიროვნებები არიან, აქვთ გარკვეული გამოცდილება და შეუძლიათ ჩაერთონ პოლიტიკაში, მაგრამ რატომ არ უერთდებიან ისინი ამ მიმართულების მედროშეებს, თუნდაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პარტიებს? მათი მიზნები და ამ პარტიების მიზნები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან და რატომ არ უერთდებიან? ხომ შეუძლიათ შეუერთდნენ და ერთად იბრძოლონ, მათ მიერ დაშვებული შეცდომები გამოსწორდეს და საკმაო მხარდაჭერის მქონე „ნაციონალური მოძრაობა“ გააძლიერონ კიდევ. კი ითვლება, რომ ისინი ვერაფერს შემატებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათ ელექტორალური მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერი აქვთ და მეტი მხარდამჭერის გადაბირების უნარი კი აღარ გააჩნიათ. ისინი უარს ამბობენ, რომ ის 9 წლიანი მმართველობა, რომელსაც ხელისუფლება ედავება, შეაფასონ ადეკვატურად, დაგმონ და გაემიჯნონ იმას, რაც იყო წარსულში. 

ამიტომ შეიძლება შეიქმნას ახალი პარტია. თუმცა, მინდა ვუთხრა ჩვენს მოკეთეებს დასავლეთში, რომ ეს არაფერს არ შეცვლის, 2024-ის არჩევნებზე არ გაამრავლებს ელექტორალურ მხარდაჭერას და შანსებს ოპოზიციის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ეს სამი პიროვნება მკაფიო ხედვის ადამიანია. მათ გარკვეული გამოცდილება და რესურსიც გააჩნიათ, რომ საკუთარი სიტყვა თქვან პოლიტიკურ არენაზე,“– აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც ვაჟა ბერიძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიის ფონზე, ახალ პარტიას შესაძლოა 1%-ზე მეტი მხარდაჭერა არ ჰქონდეს.

„თუ სხვა ოპოზიციური პარტიები ჩაეხსნებიან პოლიტიკურ პროცესს, შეიძლება მეტი ელექტორატი გადმოიბირონ. გააჩნია რას შესთავაზებენ საზოგადოებას, ისეთს, რომ ყურადღება მიიქციონ და 1% მხარდაჭერას ასცდნენ. მე ასეთ რესურს ამ ადამიანების რენომეში ვერ ვხედავ,“ – აცხადებას ვაჟა ბერიძე.

/ ნინო ოთარაშვილი /