“ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო-ანა ნაცვლიშვილი

199
spot_img

ვდებ პირობას, რომ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში, ვერ მისცეს დავიწყებას!, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შოვის ტრაგდიაზე საუბრისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღეს ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

„არ ვიღებ პასუხად “ვინც გადარჩა, გადარჩა”-ს! არ ვიღებ პასუხად “სულ რაღაც სამ საათში ჩავიდა ვერტმფრენი”! არ ვიღებ პასუხად “არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო და ერთადერთი რაც შეგვიძლია, მოქალაქენო, თქვენი გაჩუმება და თემის გადაგორებაა”!

პირველ ყოვლისა, მე ვარ დედა, დედა, რომელიც ათასობით თქვენგანის მსგავსად – უკვე პანიკურ შიშში ვზრდი შვილებს! მეორე, მე ვარ მოქალაქე, რომელსაც ათასობით თქვენგანის მსგავსად, მაქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩემს ქვეყანაში ფუჭდება და უნდა ხდებოდეს, თუმცა არ ხდება. მესამე, მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან და მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და არ ვაპირებ მისგან გაქცევას და თავის დამშვიდებას!

ვდებ პირობას, რომ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში, ვერ მისცეს დავიწყებას! ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება, ადრე თუ გვიან! მე დამჭირდება თქვენი დახმარება ამაში.

ისე როგორც თქვენ, მეც ამ დღეებში ვარაუდით დავდივარ და მშვიდად ვერ მძინავს, მაგრამ გაჩერება – სიკვდილია, გაჩუმება – სიკვდილია! ეს დღეები ვკითხულობ ყველა სპეციალისტის დასკვნას, ვაკეთებ სამართლებრივ ანალიზს, ვუსმენ ყველა ექსპერტს.

ამ ეტაპზე ყველა შესაბამის უწყებას მივმართე სადეპუტატო კითხვით – რეაგირებაზე, პრევენციაზე, მექანიზმებზე, გამოძიებაზე, საერთაშორისო დახმარებაზე, და ა.შ. (ამას ექნება გაგრძელება!)

ვიცი, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ვერ გავჩერდები, ახლა ეს შემიძლია. ყველა რჩევას, კრიტიკას, აზრს მივიღებ.

ვიცი, რომ ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ დღეს და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

კომპეტენტურად დასმული კითხვები, სისტემატურად, ყველგან, გამუდმებით, პროპაგანდის სიმართლით დამარცხება – ესეც წინააღმდეგობის ფორმაა და აუცილებელი.

 

დაბოლოს, ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სისტემური ხედვის შემუშავება, ოპოზიციას მართებს, ხელისუფლებისგან ამის მოლოდინი აღარავის აქვს.

პ.ს. თუ ვინმეს უკეთესი და უფრო სწრაფი გზა გაქვთ ცვლილებების, შემოგიერთდებით, ოღონდ ეს გზა ჯერ არ მინახავს, 11 წელია”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.