ყველას ვაფრთხილებ, 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს – პაპუაშვილი

4
spot_img

ყველას ვაფრთხილებ, 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ბრიუსელში შეხვედრები და სოლიდარობის გამოცხადება 4 ოქტომბრის დაანონსებული ძალადობრივი ღონისძიების მიმართ ევროკომისიისა და ევროპული სტრუქტურების მიერ პასუხისმგებლობის გაზიარებაა.“

„არჩევნების დღეს, კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე „ნაციონალური მოძრაობა“ – მოძალადე ჯგუფი, აორგანიზებს ძალადობრივ აქციას და ამას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისიის პრესმდივანი. დღეს, როგორც ვნახეთ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან ბრიუსელში და საკუთარივე განცხადებებით, შეხვდნენ ევროკომისიის წარმომადგენლებს ევროპარლამენტში.

ჩვენ არ გვსმენია მეორე მხრიდან განცხადება, რომ მათ „ნაცმოძრაობას“ მოუწოდეს 4 ოქტომბერს ძალადობაზე თქვან უარი. შესაბამისად, ასეთი შეხვედრები და სოლიდარობის გამოცხადება 4 ოქტომბრის დაანონსებული ძალადობრივი ღონისძიების მიმართ მათ მიერ არის პასუხისმგებლობის გაზიარება.

შესაბამისად, ერთი ქვაც თუ გავარდა 4 ოქტომბერს პოლიციელის მიმართულებით ან სხვა მიმართულებით, ძალადობის ერთი ფაქტი თუ დავინახეთ „ნაცმოძრაობის“ მიტინგიდან, აღარ ვსაუბრობ იმაზე, მაშხალებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ თუ მოიტანენ, ამაზე პასუხისმგებლობა უკვე გაზიარებული აქვს ევროკომისიას და ევროპულ სტრუქტურებს მათი განცხადებებითა და ხელის ჩამორთმევებით.

გუშინ საელჩოების განცხადება იყო, რომ მათ ყველასთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ – უნდათ კრიმინალური წარსულის მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა? უნდათ შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც 4 ოქტომბერს ძალადობა აქვთ დაანონსებული? შეხვდნენ. მაგრამ მაშინ თავადაც საჯაროდ განაცხადონ, რომ ისინი მოუწოდებენ, რომ არ იყოს არანაირი ძალადობა 4 ოქტომბერს, იმიტომ, რომ მათი სიჩუმე არის მხოლოდ წახალისება მოძალადეებისა. ყველას ვაფრთხილებ, 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“, პოლიტიკური ბედი გადაწყვეტილია, თუმცა „ამ ნაღვერდალს, ერთადერთი, სულს უბერავენ გარედან.“

„ძალადობა აქვთ დაანონსებული, ლაპარაკს რომ არ უნდა დავუჯეროთ, სისულელეებს რომ ლაპარაკობენ, მშვიდობიანად დაგხოცავთ ყველასო, ასე ხომ არ არის?

ეს არის კრიმინალური დაჯგუფება – „ნაცმოძრაობა“, რომლის პოლიტიკური ბედი გადაწყვეტილია. ამ ნაღვერდალს, ერთადერთი, სულს უბერავენ გარედან. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი არ არის, რას გეგმავს „ნაცმოძრაობა“, რა იდეები და ჩანაფიქრები აქვს. აქ მნიშვნელოვანი არიან ის დიპლომატები თუ უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ ადამიანებთან ურთიერთობენ და შემდეგ იმასაც არ კადრულობენ, თქვან, რომ ემიჯნებიან.

მათ შორის, პრესმდივნის განცხადება ყველაფერთან ერთად იყო ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ვინაიდან მან თქვა, რომ არჩევნების დღეს უნდა ჩატარდეს მიტინგიო. ევროპასთან პრესმდივნის იმ განცხადებას რაიმე კავშირის აქვს საერთოდ? სოლიდარობის გამოცხადება ნიშნავს, რომ მათ შორის, მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ „მიდით აქციაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.