სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, ანაკლიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის იდეაზე – ქალაქ ლაზიკის დაარსებაზე ისაუბრა.
„ყველამ კარგად იცის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეა, ძალიან დიდი იდეა – ლაზიკა. ჩვენ არ ვისაუბრებთ წარსულში, ჩვენ გეტყვით რას გავაკეთებთ მომავალში აქ, ლაზიკაში. ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი დედაქალაქის შემდეგ, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც 30 მლრდ ეკონომიკა იქნება, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება და ლაზიკა იქნება ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამეგრელოში არც ერთი ოჯახი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს, შეიქმნას დოვლათი და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად. ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ოცნება არის, რომ საქართველოდან გაიქცნენ ჩვენი მოქალაქეები და ასეთი არის 250 ათასი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გავიდა ქვეყნიდან და უკან აღარ დაბრუნდა. აღარ ვლაპარაკობ იმ ასი ათასობით ემიგრანტზე, რომლებიც მიდიან, შემდეგ რამდენიმე თვე ჩამოდიან და ისევ მიდიან სამუშაოდ.
საუბარია ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის და დედაქალაქის მესამედი რომ დაიცალოს და წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამდენი ადამიანია გაქცეული და რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა შექმნა მაფია, სისტემა, სადაც მხოლოდ მისი გარემოცვა ჭამს, ძარცვავს ამ ქვეყანას, წურბელასავით აზის და დანარჩენებს გვეუბნება ან შეეგუეთ, ან მონები იყავით, ან გაიქეცით , ” -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი.
„მთავარი დაპირება, რაც მინდა, გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის. სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ. მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ თქვენი მეშვეობით ხმა გავაგონოთ პრეზიდენტ სააკაშვილს, თავისუფლება მიშას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.