ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო დავიხსნა, ახლა არ არის კეკლუცობის დრო, საჭიროა მეტი მიწოლა -მიხეილ სააკაშვილი

43
spot_img

მე არ დავნებდები, ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო დავიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ახლა არ არის კეკლუცობის, ურთიერთანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის დრო. მისივე განცხადებით, „საჭიროა უფრო მეტი მიწოლა, ორგანიზებულობა და ერთიანობა“.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უბედურება დასრულდეს. მე არ ვცნობ არც ამ სასამართლოს, არც გამოძიებას. ბუნებრივია, რომ არ ვცნობ, რადგან ეს არის თეთრი კონვერტების სასამართლო და გამოძიება, მაგრამ მე ვცნობ ქართველ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინელ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინის, რომლის ამაყი მოქალაქე ვარ. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. მე ვგმობ ყველანაირ პოლიტიკურ ძალადობას. მათ შორის ქორიძისა და გახარიაზე თავდასხმას, მანამდე ლევან ხაბეიშვილზე, უამრავ სხვა ადამიანზე. გოგონა აჩვენეს ტელევიზიით, რომელსაც მუცელი მოეშალა პოლიციის ძალადობის შედეგად. ასეთი უბედურებები ხდება. ამიტომ, ცოტაც უნდა გავძლოთ და უფრო მაგრად უნდა მივაწვეთ. ახლა არ არის დრო კეკლუცობის, ურთიერთანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის და ა.შ. უფრო მეტი მიწოლა, კიდევ მეტი ორგანიზებულობა, კიდევ მეტი ერთიანობა და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ კრიმინალურ სინდიკატს, რომელმაც ხელში ჩაიგდო თითოეული ქართველის ბედი. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ყველას, ვინც აგრძელებთ ბრძოლას თბილისის ქუჩებში, ყველგან, სადაც თავისუფლების ბედი წყდება, სადაც იმ იდეალისტების ბედი წყდება, რომელთაც გაბედეს და თავის დროზე ჯერ კიდევ ააფრიალეს დროშა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და წარმატებული. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული, ყველანი ვიქნებით ამ წარმატების ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არნახული საყოველთაო გაფიცვა გაიმართა.