“ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის” – აქვს თუ არა ომში გამარჯვების შანსი უკრაინას

104
spot_img

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის არმიის კონტრშეტევა არაერთგვაროვანი პროგრესით“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის არმიის კონტრშეტევა უკვე მეორე კვირაა გრძელდება, მისი კონტურები სულ უფრო მკაფიო ხდება: ერთი მიმართულებაა ქალაქ ბახმუტისკენ – ლუგანსკის ოლქში, მეორე – ქალაქ სოლედარისკენ – დონეცკის ოლქში და მესამე – ქალაქ ორეხოვ-ტოკმაკისკენ – ზაპოროჟიეს ოლქში, რომელიც, მიზნის გათვალისწინებით, კონტრშეტევის ცენტრალურ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს (ყირიმ-დონბასის დერეფნის გაჭრა და აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა).

რადგან მოწინააღმდეგეებს ჯერ-ჯერობით თავიანთი რეზერვები მთლიანად არ გამოუყენებიათ, ამიტომ მთავარ ბრძოლებს სადღაც ორი ან სამი კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ“, – ნათქვამია სტატიაში.

დღეისათვის უკვე ჩანს, რომ ყველაზე წარმატებული შეტევა დონეცკის ოლქში განხორციელდა, სადაც უკრაინის არმიის შვიდმა ბრიგადამ ოთხი დღის ბრძოლებით რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა (ბლაგოდატნოე, სტოროჟევო, მაკაროვკა და სხვები), 60 კვადრატული კილომეტრის ფართობით. ეს პროგრესი დაჩრდილა ზაპოროჟიეს ოლქში განხორციელებულმა წარუმატებელმა შეტევამ, ორეხოვ-ტოკმაკისაკენ, რომლებიც მძიმე ბრძოლებით აღინიშნა – უკრაინის არმიამ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი დანაკლისი განიცადა. რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე გამოაქვეყნეს დაზიანებული და აფეთქებული დასავლური ჯავშანტექნიკის ფოტოები და ვიდეოკადრები. ერთ-ერთ ვიდეოკადრში ჩანს, რომ გერმანული „ლოპარდის“ ძრავა მუშაობდა და მის ირგვლივ რუსი ჯარისკაცი დადიოდა. რა თქმა უნდა, რუსებიც ზარალდებიან: როგორც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის არმიამ კიევის კონტრშეტევის დაწყების დღიდან 54 ტანკი დაკარგა [მისი თქმით, უკრაინამ ბევრად მეტი – 160 ტანკი და 360 ჯავშანმანქანა].

დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინას ჯერ-ჯერობით კონტრშეტევა მთელი ძალებით არ აქვს დაწყებული – თავდაპირველად მხოლოდ რუსული თავდაცვითი პოზიციების სუსტი ადგილები გამოვლინდა, ნამდვილი საომარი მოქმედებები მალე იქნება. „ვხედავ, რომ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ ჯერ სრული ძალებით არ მიმდინარეობს“, – ამბობს გადამდგარი გენერალი ფედერიკ ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი სარდალი., – როცა ჩვენ მსხვილი მექანიზებული ქვედანაყოფების შტურმის მოწმენი გავხდებით, მაშინ უკვე ნათელი გახდება, რომ კონტრშეტევის მთავარი აქტი დაიწყო“. ფედერიკ ბენ ჰოჯესს ეთანხმება კონრად მუზიკაც – ექსპერტი Rochan Consulting-დან, რომელიც ომს თვალყურს ადევნებს. მისი თქმით, უკრაინის ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ არიან ბრძოლებში ჩაბმული და ამიტომ წინ კიდევ შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. „ზაპოროჟიეს ოლქში მხოლოდ სამი ბრიგადა იბრძვის, ამიტომ დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია“, – ამბობს კონრად მუზიკა.
ავიაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს: განსაკუთრებით საშიშია უკრაინელებისათვის რუსული დამკვრელი ვერტმფრენების მოქმედება. კიევის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა სუსტია და რაც არის, ისიც შეიძლება განადგურდეს „ლანცეტის“ ტიპის დრონებით.

უკრაინელებისათვის საკმაოდ მომგებიანი სიტუაცია შეიქმნა კახოვკის ჰესის კაშხლის დანგრევით: მართალია, რუსეთმა ისარგებლა და თავისი ძალები კახოვკიდან ჩრდილოეთით გადააჯგუფა, მაგრამ უკრაინელებისთვისაც მომგებიანი სიტუაცია შეიქმნა – უეცრად მოვარდნილმა წყალმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე არსებული რუსული თავდაცვითი სისტემა მთლიანად გაანადგურა და წყლის დაკლების შემდეგ უკრაინის ქვედანაყოფებს შეუძლიათ ნაკლები დანაკარგებით გადაადგილდნენ.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის არმიას ყველაფერი აქვს მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად: რაკეტებით შეიძლება ყირიმსაც მისწვდნენ და აზოვის ზღვის ნაპირზე განლაგებულ ქალაქებსაც, მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ წარმატებისთვის საჭირო იქნება აგრეთვე „იღბალიც“ – რუსების მიერ დაშვებული უხეში შეცდომები. ბუნებასაც შეუძლია თავისი როლი შეასრულოს: მომავალ კვირაში წვიმებია მოსალოდნელი, რაც, მართალია, უკრაინის წინსვლას შეაფერხებს, მაგრამ რუსული ავიაციის მოქმედებაც შეყოვნდება.

„რასაც მე ვხედავ, მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“, – განაცხადა 13 ივნისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, – უკრაინელები წარმატებას აღწევენ“. უფრო რადიკალურ პროგნოზს აკეთებს ჯეკ უოტლინგი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტიდან (RUSI): „რუსებს ნამდვილი გამოცდა ჯერ კიდევ წინ ელოდებათ, ისინი სულ მალე ჯოჯოხეთში მოხვდებიან“.

წყარო