,,ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძირი გამოეთხარათ”- თალაკვაძე

63
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ რა მიზანს ემსახურება საბოლოოდ ის კამპანია, რომელსაც უკრაინის მაღალჩინოსნები აწარმოებენ სააკაშვილთან დაკავშირებით. კერძოდ, სააკაშვილის გათავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა- მცდელობა, რომ მსჯავრდებულის სახელს დაუკავშირდეს ევროინტეგრაციის პროცესი და ერთმნიშვნელოვნად შეფერხდეს ეს პროცესი.

„ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი უკავშირდება თუ არა საქართველოს ევროპულ მომავალს?!- ამას რომ ვუპასუხოთ, ძალიან მოკლედ უნდა ავხსნათ ევროპა რას ნიშნავს. ევროპა ნიშნავს, როცა ადამიანის უფლებები დაცულია. ევროპა ნიშნავს, როდესაც მედია თავისუფალია და არ აკონტროლებს კონკრეტული ჩინოვნიკი და მთავარ პროდიუსერად არ ჰყავს მთავრობას დანიშნული. ევროპა ნიშნავს, როდესაც შენი საკუთრება დაცულია, ვერავინ ვერ დაგიძახებს ღამე და ვერ გაჩუქებინებს პროკურატურაში. ევროპა ნიშნავს, როდესაც ოჯახის წევრმა იცის, რომ მისი წევრი პატიმრობაშია, ციხის კარებთან არ უნდა ელოდებოდეს ყოველდღე, ხომ არ მოკლავენ ამ ადამიანს ცემით და წამებით.

ევროპა ნიშნავს, როდესაც შენ აზრის გამოხატვისთვის არ გიკეტავენ ქუჩიდან ყველა გასასვლელს, უმოწყალოდ არ გცემენ და არ გკლავენ, რამდენი აქცია გვახსოვს ხომ ასეთი, როცა ჩაუკეტეს ადამიანებს გასასვლელი, არც კი გააფრთხილეს, დაარბიეს, ხალხი გარდაიცვალა ამ აქციებზე. ევროპა ნიშნავს, როდესაც სასამართლოს პრეზიდენტი კი არ აძლევს დავალებებს, შენ ასე მოიქეცი და ისე მოიქეცი, დღეს რომ არის მომართვები, პრეზიდენტმა შეცვალოს მართლმსაჯულებაო, ეს თავისთავად არასწორი მომართვაა ხომ?! ევროპა არის, როდესაც არჩევნებს წააგებ თუ მოიგებ, როცა გეტყვის დამკვირვებელი, რომ ეს არის დემოკრატიული არჩევნები უნდა აღიარო შედეგები. ანუ, ისეთ არჩევნებს კი არ უნდა ითხოვდე რომ თუ მე მოვიგებ მაშინ კარგია, თუ წავაგებ უსამართლოა და გაყალბებულია. ეს არის ამ ხალხის ლოგიკა. ახლა თქვენ ამიხსენით ამ ადამიანებს როგორ შეიძლება ევროპულ მომავალთან დავუსვათ ტოლობის ნიშანი.

ხალხი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა საქართველოში, დაწყებული ადამიანის უფლებებიდან დამთავრებული საკუთრებით. ევროპა დაასამარეს ამ ადამიანებმა, ამ პარტიამ და მათმა ლიდერმა. ამის გარდა, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძირი გამოეთხარათ. ამ ყველაფერს აკეთებდნენ ევროპის სახელით, რაც ასევე ამორალურია და რამაც ევროპული იდეა საქართველოში სერიოზულად დააზიანა სამწუხაროდ თავის დროზე“- აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხდებოდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეიცვალა. მისივე თქმით, ვერ ნახავთ, რომ ბიზნესმენები ღამე პროკურატურაში მიდიოდნენ და ბიზნესჩუქნიდნენ ვინმეს. ვერ ნახავთ რომ პატიმრებს ციხეში აწამებდნენ, ეს აღარ არის, ეს ჩვენ შევცვალეთ.

„რაც თვითონ გააკეთეს იმას გვაბრალებენ ჩვენ. სინამდვილეში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რა მოხდა, ხომ ვხედავთ ყველა დეპუტატი, 4 მიკროფონი რომ მაუწყებლობდა, დღეს 20 მიკრიფონია წარმოდგენილი, 20 ტელევიზია და ეს ასეც უნდა იყოს. დღეს ვერ ნახავთ, რომ ბიზნესმენები ღამე პროკურატურაში მიდიოდნენ და ბიზნეს ჩუქნიდნენ ვინმეს, ან იჭერდნენ ადამიანებს და გამოსასყიდებს სთხოვდნენ, ან შვილებს უჭერდნენ. ვერ ნახავთ რომ პატიმრებს ციხეში აწამებდნენ და მშობლები გარეთ ელოდებოდნენ, ეს აღარ არის, ეს ჩვენ შევცვალეთ.

არჩევნებიც ობიექტურად ჩავატარეთ, მიგვითითეს შენიშვნებზე, ელექტრონული მთვლელებიც დავნერგეთ, მაგრამ სად იყო ეს ხალხი, არ მოვიდნენ არჩევნებზე არცერთი, ერთი კანდიდატიც არ დააყენეს შუალედურ არჩევნებზე. როგორც კი ნახეს, მანიპულაციის შანსი აღარ იყო, საერთოდ აღარ მოვიდნენ არჩევნებზე, დახიეს მანდატები, კანდიდატები სადღაც დამალეს, მანამდე ძალიან დიდ გულზე იყვნენ, ოცნებას დავამარცხებთო, მაგრამ შუალედურ არჩევნებში არ გამოჩენილან და ვნახოთ, შემდეგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.