ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია აპირებს შემოსვლას პარლამენტში, ამიტომ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს -შალვა პაპუაშვილი

24
spot_img

ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეტყობათ მათ განცხადებებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, ჯერ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა, შემდეგ შეიტანონ განაცხადი, ამიტომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს სპორტულ აფერისტობას და ისინი საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ.

„მგონი, უკვე ყველამ გაიგო და აიხსნა, რომ ჯერ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა და შემდეგ უნდა შემოიტანონ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. დღეს ვუსმენდი „ნაციონალურ მოძრაობის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენს მიერ დაწერილ განცხადებებს, რომ მანდატზე ამბობთ უარს ან უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვთ, იურიდიული ძალა არ აქვს და აპირებთ, რომ განცხადებით მიმართოთო. რესპონდენტის პასუხი იყო ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენ სიტყვას შევასრულებთ, ეს განცხადებებით არის უკვე და ელოდება იურიდიულ ძალაში შესვლასო. ანუ, რაღაც დავწერეთ და 25-ის შემდეგ შევა ძალაშიო. ასეთ სპორტულ აფერისტობას ოპოზიციამ უნდა დაანებოს თავი. შეგახსენებთ, 2020 წელს როგორ მოითხოვეს მათ, 11 დეკემბერს შედგა სხდომა, უფლებამოსილების ცნობა – თინათინ ბოკუჩავა, 16 დეკემბერს არის შემოსული განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მამუკა ხაზარაძე – 16 დეკემბერი, ნიკანორ მელია -16 დეკემბერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 17 დეკემბერი, თეონა აქუბარდია – 17 დეკემბერი, სხდომის შემდეგ, ამიტომ ამ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს. მათ ამომრჩეველს მივმართავ, რომ აგიჟებენ ახლა აქციებით, არანაირი განცხადების დაწერას, როგორც ჩანს, ეგენი არ აპირებენ თუ არა და გამოჩნდება. 25 დეკემბერს იქნება სხდომა უფლებამოსილების ცნობა, ამის შემდეგ 26-ში მოგვმართონ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ მოსვლა არ უნდათ შეუძლიათ, მეილით გამოაგზავნონ. contact@parliament.ge-ზე გამოაგზავნონ განცხადება, ხელი მოაწერონ, დაურთონ მეილს და პარლამენტი მიიღებს ამ განცხადებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ორი გზა, ან უნდა დაინგრნენ, ან უნდა დამცირდნენ და ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ არის მათი მფარველებისგან მითითება და ერთ წამში დაივიწყებენ თავის პოზიციებს.

„ჩვენი ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ ღირსება. ადამიანი როცა დადგება ღალატის და სხვისი ინტერესების გატარების გზაზე, იქ პირველი რაც უნდა დათმო, ეს არის ღირსება. ჯაშუშობა, აგენტობა და სხვისი სამსახური ღირსებით არ ხდება. ღირსება როცა არ გაქვს, მერე უკვე ყველაფერზე წამსვლელია ადამიანი. ჩვენ ვნახეთ ეს 2020 წელს, როცა ამბობდნენ, „პუფი“ არის ადამიანი, ვინც შევაო და მერე ყველა შემოვიდა კიდევაც. ახლაც ზუსტად ამას ვნახავთ. მათ საბოლოო ჯამში, აქვთ ორი გზა, ან უნდა დაინგრნენ, ან უნდა დამცირდნენ. დაინგრნენ თუ გარეთ დარჩებიან და სრულად მარგინალიზება მოხდება მათი პარლამენტს გარეთ. უნდა დაიმცირონ თავი და შემოვიდნენ პარლამენტში. ერთადერთი მათ, რაც სჭირდებათ არის მათი მფარველებისგან მითითება, ერთ წამში დაივიწყებენ თავის პოზიციებს, გამონათქვამებს და შემოვა ყველა პარლამენტში. შემოვლენ მათ შორის იმიტომ, რომ ჰქონდეთ ის სიკეთეები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.