“ყველა, ვინც ამბობს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე „ქართულ ოცნებას“ მარტო დაამარცხებს, არის ბრიყვი”

66
spot_img

ყველა, ვინც ამბობს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე „ქართულ ოცნებას“ მარტო დაამარცხებს, არის ბრიყვი ან მიზანმინართული მავნებელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ჩვენ ისე არ უნდა გაგვიტაცოს ერთმანეთის კრიტიკამ, რომ დაგვავიწყდეს მთავარი მტერი და საფრთხე – „ქართული ოცნება“ საქართველოში. რა დროს რაღაც რეიტინგების დატოლებაა, როდესაც ქვეყანას კარს მოადგა საფრთხე, რომ შეიძლება, რუსეთში გავიღვიძოთ. ამ დროს ვიღაცები საუბრობენ, რომ არ დადგებიან იმასთან, რადგან ვიღაცამ თქვა, რომ იმის უკან ვიღაც დგას.

ასეთი განცხადება სახელმწიფოებრივია? ეს არის ეროვნული პოლიტიკა? ზოგიერთი პარტიის ლიდერი გვმოძღვრავს, უარი ვთქვათ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და ვიწროპარტიული ინტერესი არ არის, როდესაც ამბობ, რომ საქართველოს გადარჩენა „ფეხებზე მკიდაო“ და მთავარია, მე რა მინდა, ის გაითვალისწინოთო?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციის გაერთიანების რესურსი, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ კინკლაობაში არ მონაწილეობს.

„არც არაფრის გადაქაჩვას და გადმოქაჩვას არ ვაპირებთ. ყველა იძულებული გახდება, საქართველოს მოქალაქის დაკვეთას ანგარიში გაუწიოს და პრინციპულ საკითხებზე თანხმობას მივაღწიოთ. ქვეყანა კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მიიღებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა გავიდეთ ქუჩაში და მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ კრიზისიდან გამოყვანის ფორმულა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.