ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს – „ოცნება“ დამარცხდა, გადადიან ოპოზიციაში – ზურაბ ჯაფარიძე

10
spot_img


„ოცნება“ დამარცხდა, გადადიან ოპოზიციაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე მოუწოდებს ამომრჩევლებს, ყველანი გამოცხადდნენ უბანზე და დააფიქსირონ თავისი არჩევანი, რადგან „რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის“.

„ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს, რომ ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს და შესაბამისად ჩვენ შევქმნით უმრავლესობას მომავალ პარლამენტში და შემდგომ დავაკომპლექტებთ მთავრობას.

ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ გამოცხადება არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, ჩვენ უნდა გავიფორმოთ ჯერ ეს გამარჯვება. დარჩენილია ერთი საათი, სანამ უბნები დაიხურება და ორი რამეა ახლა გასაკეთებელი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ჩვენი პარტიული წარმომადგენელი იყო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვინც უბნებზე იდგა, იცავდა ხმებს, ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჯერ არაფერი არ დამთავრებულა, პროცესი მიდის. 8 საათზე დაიხურება უბნები, მერე იქნება ჯერ ოქმების ამობეჭდვა, იქ, სადაც ელექტრონულად ითვლიან ხმებს, შემდეგ იქნება ამის ხელით გადათვლა. თქვენ უნდა დარჩეთ ბოლომდე ამ უბანზე, სანამ არ დასრულდება ხელით გადათვლის პროცესი.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ვინც ჯერ კიდევ არ მისულა უბნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საათებში ძალიან გაიზარდა ახალგაზრდების გამოცხადება, ვინც ჯერ კიდევ არ მისულხართ, ყველანი გამოცხადდით უბნებზე. რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.