
ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მათი პლატფორმა ამ საფრთხეებს რეალურად თვალნათლივ ხედავს.
„ამ რეგიონში ძალიან ცუდია, როდესაც სახელმწიფო რომელიმე მხარეს ხარ და ეს იწვევს ძალიან დიდ საფრთხეებს. თქვენ ხედავთ, რომ ეს სავაჭრო-სატარიფო ომი, რომელიც რამდენიმე თვე იყო მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, უცებ გადაიზარდა და გადავიდა ორ სისხლის მღვრელ კონფლიქტში – ერთი არის აღმოსავლეთ ევროპა და მეორე – ახლო აღმოსავლეთი. ეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას მოახდენს საქართველოზე და ჩემი სურვილია, ალბათ, ყველა გონიერი ადამიანი ამის მხარეს იქნება, რომ საქართველომ და საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ერთი, აქამდე არსებული კონფლიქტთან მიმართებაში ძალიან სწორი პოზიციონირება და თავი აარიდა ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას. ამ შემთხვევაშიც ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს ანალოგიური და მე იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც მოხერხდება, რომ საქართველოს გვერდს აუვლის ეს დიდი განსაცდელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ხალხებს თავს დაატყდათ – როგორც ირანში, ასევე – ისრაელში და მეზობელ სახელმწიფოებში. ეს ისტორიული მტრობა, რომელიც პერიოდულად თავს იჩენს და ათწლეულებში ერთხელ მძაფრდება, გადავიდა იმ ეტაპზე, რომელსაც დღეს ვხედავთ. ლამის, საუბარია, რაღაც ატომური მუხტების გამოყენებაზე, თუმცა, ოფიციალურად არც ერთ და არც მეორე მხარეს ატომური იარაღი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბრძოლა მიდის წესების გარეშე. დიპლომატია, ფაქტობრივად, გამოთიშულია დღევანდელ სამყაროში და არის ძალის პოლიტიკა. ამ ძალის პოლიტიკის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. ჭუჭყიანი ატომური მუხტი იხმაროს რომელიმე მხარემ“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ საქართველოს სიახლოვეს მიმდინარე ამ მეორე კონფლიქტის ტალღა ქვეყანაში არ შემოვიდე.