ყველა არჩევნების წინ ბარიერის საკუთარ თავზე მორგება უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.
„ოპოზიციის განცხადება იქნება, რომ ისინი გაიმარჯვებენ – ეს ცენტრებით იქნება, უცენტროდ, დაიცენტრებიან თუ – არა. რეალობას 2024 წლის არჩევნები გვაჩვენებს. იმედი ვიქონიოთ, რომ არჩევნების უსაფუძვლო გაპროტესტებით კიდევ ერთხელ არ დაღლიან არც საზოგადოებას და არც ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ყველა არჩევნების წინ ბარიერის საკუთარ თავზე მორგება უნდა დასრულდეს. ევროპის ძირითად ქვეყნებში 4-5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იმიტომ არის, რომ ეს ხელს უწყობს სტაბილური სურათის ჩამოყალიბებას, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პარტიების არსებობა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა. ჩვენ პარლამენტი ისე წარმოგვიდგენია, რომ ერთი და ორი კაცი თუ არის, იყოს პარლამენტში? ეს არ არის პარტია, ეს არის ჯგუფი და ამის გამო უნდა იყვნენ პარლამენტში? ხუთპროცენტიანი ბარიერი არის ის, რაც პოლიტიკური პარტიის სოციალურ ბაზას განსაზღვრავს და არა ის, რომ ათი-ოცი ათასი ადამიანი მოაგროვოს და პარლამენტში იყოს. იმის ილუზია აქვთ, რომ დაბალი ბარიერი თუ იქნება, ერთი-ორი კაცი ოცი ათასი ხმის მოგროვებას და პარლამენტში მოხვედრას მოახერხებს. ეს იწვევს არა პარლამენტის გაძლიერებას და პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის გაზრდას, არამედ საპარლამენტო ცხოვრების დაკნინებას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.