ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს -პრემიერი

19
spot_img

საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს,  უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ამ მასშტაბური პროექტის წარდგენაში. საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას.

საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეს მოცულობა ეტაპობრივად ოთხ მილიონ ტონამდე გაიზრდება.

2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები. რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“, – განაცხადა პრემიერმა.