ყოველწლიურად იზრდება საქართველოში გენერაციის ობიექტების რაოდენობა, ასევე იზრდება დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტად ვაძლიერებთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ამით, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ენერგეტიკულ დარგს ვაძლიერებთ, არამედ იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უფრო მდგრადი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა – უფრო მყარი. მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ აქტიური მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკას იმისთვის, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს იყოს გრძელვადიანი, პროგნოზირებად გარემო როგორც სექტორში ინვესტორებისთვის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სუბიექტისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგში ინვესტირების მიზნით შემუშავებულ მხარდაჭერის სქემას. მისი ინფორმაციით, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროცესის დაჩქარების მიზნით, პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმით, უკვე აუქციონების პირობებში ჩამოყალიბებულ კონკურენტულ ფასად მოხდეს ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების მხარდაჭერა.
„ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების პროცესი დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად მივიღოთ შედეგი იმ ამბიციური გეგმის, რომელიც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა – 2030 წლისთვის ვიყოთ ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა და გენერაცია აჭარბებდეს ჩვენს მოხმარებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.