ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ გაიგო, რა ხდება რეალურად – შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი, ნათელი და გასაგებია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება და ამბობს, რომ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი შანტაჟის იარაღად გამოიყენება.
მისივე თქმით, „ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, ვინც საბოლოოდ გახდება ევროკავშირის წევრი ღირსებით და თავაწეულები“.
„28 ნოემბერს პრემიერის განცხადებაში დეტალურად იყო ახსნილი, რომ საქართველო აგრძელებს ევროინტეგრაციას. ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც არის ე.წ. გზამკვლევი და რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს. ასევე, ითქვა ის, რომ რა თქმა უნდა, არ გვინდა, ყოველთვის შანტაჟის ქვეშ ვიყოთ. ამჯერად, როგორც წინა შემთხვევაში. კანდიდატის სტატუსი შანტაჟის იარაღად იყო, ახლა შანტაჟის იარაღად გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნა-აგახსნის საკითხი. ძალიან ღრმად და ბევრი ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ გაიგო, რა ხდება რეალურად. შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ხდება ახსნა-განმარტება ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი, ნათელი და გასაგებია. ჩვენ ვართ თავმოყვარე ხალხი, თავმოყვარე ერი, რომელსაც უდიდესი კულტურა, ტრადიციები და წარსული აქვს, რითაც ვამაყობთ და ვფიქრობ, ამ ყველაფრით ვართ საინტერესო ევროპული ოჯახისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.