ყირიმი, სანქციების გაუქმება და ფრონტის ხაზის „გაყინვა“ – BBC

14
spot_img

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბიბისიმ“ (BBC) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ყირიმი, სანქციების გაუქმება და ფრონტის ხაზის „გაყინვა“: როგორია აშშ-ის გეგმა და რა მოჰყვება მის სავარაუდო რეალიზებას“. პუბლიკაციაში გაანალიზებულია სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობების ფონზე, მოცემულია „ამერიკული გეგმის“ შინაარსი  და განხილულია მხარეთა პოზიციები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ლონდონში შეხვედრამ, რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გარეშე ჩაიარა. როგორც კი მასმედიაში მთავარი ამერიკელი დიპლომატის უარი გავრცელდა, სამიტის მესვეურებმა შეხვედრის სტატუსი დააქვეითეს და მოლაპარაკება ძირითადად ელჩების და წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

ექსპერტების და დამკვირვებლების აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უარი გამოიწვია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამ გაზეთ The Wall Street Joumal-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომ იგი „ყირიმის რუსეთისადმი კუთვნილებად აღიარების საკითხს არ განიხილავს“.

დასავლური პრესა: აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დებულებები

დასავლურ პრესაში, კერძოდ, ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას 7-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. მისი ძირითადი დებულებები ასეთნაირად გამოიყურება:

პირველი – დაუყონებლივი დაზავება;

მეორე – პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება რუსეთსა და უკრაინას შორის;

მესამე – უკრაინის უარი ნატოში გაწევრებაზე, მაგრამ მას ექნება შესაძლებლობა გაერთიანდეს ევროკავშირში;

მეოთხე და მეხუთე – ეს პუნქტები ეხება სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებს: აშშ იურიდიულად აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, მხარეები ფრონტის ხაზს „გაყინავენ“. დოკუმენტში ნათქვამი არ არის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები ფორმალურად რუსეთის კუთვნილად გამოცხადდება, მაგრამ, „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, აშშ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ისინი რუსეთის მთავრობის მიერ იქნებიან გაკონტროლებული. უკრაინის ტერიტორიის ნაწილი (ხერსონის ოლქში – დნეპრის შესართავი) კიევს დაუბრუნდება, ხოლო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს – ევროპაში უდიდეს აეს-ს – აშშ გააკონტროლებს.

მეექვსე – უკრაინა ხელს აწერს აშშ-სთან შეთანხმებას სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვების თაობაზე;

მეშვიდე – აშშ-ს და რუსეთს შესაძლებლობა ექნებათ აღადგინონ ეკონომიკური კავშირები. აშშ მთლიანად აუქმებს (ხსნის) ანტირუსულ სანქციებს. იწყება ფართო თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროში.

„დეილი ტელეგრაფის“ მონაცემებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული გეგმა არ შეიცავს რაიმე მკაფიო გარანტიებს უკრაინის უსაფრთხოებისათვის აშშ-ის მხრიდან. ასევე დოკუმენტში არაფერი არ არის ნათქვამი აშშ-ის მონაწილეობაზე „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციაში“ – იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც მზად არიან უკრაინაში სამშვიდობო ძალების გასაგზავნად (აქვე შევნიშნავთ, რომ აშშ-ის გეგმის თაობაზე მასალები გამოაქვეყნეს რიგმა ამერიკულმა და ევროპულმა გაზეთებმაც და გამოცემებმაც).

სარგებელი კრემლისათვის: რას იტყვის ევროპა?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) კორესპონდენტი ელისაბედ ფოქსი აანალიზებს შექმნილ სიტუაციას და წერს: დასავლურ პრესაში მასალების მოზღვავება აშკარად მოწმობს იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს. თეთრ სახლში იგი რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფი შეწყვეტის დაპირებით მოვიდა, მაგრამ რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა: მოსკოვისა და კიევის დაპირისპირების „ცხელი ფაზა“, რომელიც ათი წლის წინ დაიწყო და რომელიც 2022 წლის თებერვლის ბოლოს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, თურმე აშშ-ის პრეზიდენტის სურვილით არ დამთავრდება. არსებობს უამრავი საკითხი, რომელთა სწრაფი გადაჭრა არ ხერხდება. მოკლედ, ომის სწრაფი შეწყვეტა შეუძლებელია, რადგან „ეშმაკი დეტალებში იმალება“.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის შესრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირაღა რჩება. ტრადიციულად, პრეზიდენტობის ასდღიანი ვადა მმართველობის ის პერიოდია, რომლის შედეგადაც დასკვნა კეთდება, თუ როგორ მუშაობს თეთრი სახლი. დონალდ ტრამპს ომის შეწყვეტის საკითხში ჯერ-ჯერობით სატრაბახო არაფერი აქვს, ამიტომ დარჩენილ დროში რაღაც წარმატების დემონსტრირება აუცილებელია.

აშშ-ის საზავო ფაცი-ფუცი კრელმლს აშკარად ხელს აძლევს: ყირიმის იურიდიულად აღიარება რუსეთის ტერიტორიად, ოფიციალური უარი უკრაინის ნატოს წევრად მიღებაზე, ანტირუსული სანქციების მოხსნა ისეთი პირობებია, რომლებიც სწორედ რუსეთის მოთხოვნებში შედის და რომლებსაც ვლადიმერ პუტინი გასული წლის ზაფხულიდან აყენებს. აშშ-ის პირობები არ უთავსდება უკრაინის „წითელ ხაზებს“, რომელთა თანახმად, კიევი კატეგორიულად უარს აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარების თაობაზე.

თეთრი სახლი დიპლომატიური პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს – მოსკოვიც და კიევიც. უკრაინის პოზიცია აშშ-სათვის მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია, მაგრამ დათანხმდება თუ არა მოსკოვი? მიუხედავად იმისა, რომ კრემლი, ტრამპის გეგმის მიხედვით, დონბასს და ყირიმს იღებს, მისთვის მაინც მტკივნეული იქნება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დარჩენილი ტერიტორიების კიევის კონტროლქვეშ დატოვება. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, აღნიშნული ოლქების ტერიტორიები სრულად შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს უკანდახევა მოუწევს.

აშშ-ის მცდელობებს, რომ როგორმე პოზიტიურ შედეგებს მიაღწიოს, წინ კიდევ ერთი პრობლემა ეღობება. დიახ, გასაგებია, რომ ევროპა და უკრაინას არ შეუძლიათ რაიმე გავლენა მოახდინონ დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფზე, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს (და ამბობენ, პუტინის მიმართ კეთილად არის განწყობილი), მაგრამ აშშ-ის ნატოელ (ევროპელ) მოკავშირეებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ნატოს განცხადება, რომ უკრაინას ალიანსის რიგებში არ მიიღებს, ანდა ანტირუსული სანქციების მოხსნა-გაუქმება ვერ მოხდება დასავლეთის ქვეყნების ფართო კოალიციის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. მხედველობაშია მისაღები, რომ ევროპელები დონალდ ტრამპის პოლიტიკის ბევრ მიმართულებას არ იზიარებენ და საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილნი.

მარკო რუბიოს ვიზიტი: რა მოჰყვება მის გაუქმებას

როგორც უკრაინაში „ბიბისის“ კორესპონდენტი სვიატოსლავ ხომენკო აღნიშნავს, კიევის მოქმედების ლოგიკა „ამერიკული გეგმის“ მიმართ სრულიად გასაგებია, მაგრამ რჩება კითხვა: რა იქნება შემდეგ?

თუ ამერიკელები „უკრაინულ ტრეკს“ მართლაც მიატოვებენ, ამით დონალდ ტრამპის პირველ მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ მარცხს აღიარებენ და დაადასტურებენ იმას, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მომლაპარაკებელი არ არის. ბუნებრივია, სიტუაციის ასეთი განვითარება თეთრ სახლს არ აწყობს. მაგრამ რას იზამს ვაშინგტონი, ამერიკელები კიევისათვის უფრო პოზიტიურ და მისაღებ გეგმას მოამზადებენ?

რას მოიმოქმედებენ ევროპელები? განა ისინი მოკლე დროში შეძლებენ  ამერიკელთა ჩანაცვლებას სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, თუ თეთრი სახლი, თავისი სამშვიდობო მისიის წარუმატებლობის შემდეგ, უკრაინას მიატოვებს? შეეცდებიან ევროპელები კიევსა და ვაშინგტონს შორის ხიდის აღდგენას? ან საკუთარ ფარგლებში ჩაიკეტებიან და მოემზადებიან შტორმისათვის, რომელიც ევროპას ელოდება ამერიკელების წასვლის შემდეგ?

დღეისათვის ისე ჩანს, რომ ამ სიუჟეტებში შესაძლოა მოულოდნელი მოვლენები მოხდეს. მაგალითად, ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართოს არა ლონდონში ან ერ-რიადში, არამედ… რომში, პაპ ფრანცისკას დაკრძალვის დროს, სადაც შაბათს გაემგზავრებიან როგორც დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი პირველი პირები, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

შესაძლოა, ვიღაცეებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი უცნაური ინციდენტისა და აშშ-უკრაინის ურთიერთობების კრიზისის შემდეგ კიევი დარწმუნდება, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებაში ჭირვეულობით თვითონ ზარალდება და ამიტომ შეეცდება თავი აარიდოს კონფრონტაციას… მაგრამ ლონდონის მოლაპარაკებების ჩაშლამ აჩვენა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ აქვს უნარი ამერიკას შეეწინააღმდეგოს და მის გეგმას „არა“ უთხრას.

„დონალდ ტრამპის გეგმა“, რომლის პრეზენტაციას ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ელოდნენ, ინაუგურაციის მომდევნო დღეებში, როგორც აღმოჩნდა, უფრო მეტად ომში რუსეთის მიზნების რეფერატს მოგვაგონებს, ვიდრე ურთიერთდათმობების დაფიქსირებას. მოკლედ, თეთრი სახლის შეთავაზება უფრო მეტად კრემლისთვისაა მომგებიანი, ამიტომაც კიევის ნეგატიური რეაქცია გასაკვირი არ არის.

აშკარაა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება აშშ-ის გეგმას დაეთანხმება, ზიანს მიიღებს როგორც მთლიანად სახელმწიფო, ასევე კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული გეგმა, როცა უკრაინას უსაფრთხოების გარანტია არ აქვს და თანაც ამერიკელები, ალბათ, დახმარებას შეამცირებენ, კიევისათვის მომგებიან პირობებს არ შეიცავს. და საერთოდ, უკრაინა დონალდ ტრამპის გეგმას რომც დაეთანხმოს, სადაა იმის გარანტია, რომ გეგმა მოსკოვისთვისაც მისაღები იქნება? ვლადიმერ პუტინმა რომ ტრადიციულად თქვას – „ჩვენ, ცხადია, ვეთანხმებით, მაგრამ…“ – და შემდეგ ნათქვამს ახალი მოთხოვნების გრძელ ჩამონათვალს მოაყოლებს, მაგალითად, კიევმა ოფიციალური უარი უნდა თქვას ოთხ ოლქზე და დემილიტარიზება უნდა განახორციელოსო, რას გააკეთებს ტრამპი?

წყარო