“დასავლეთის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ მიანიშნებს, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის პოზიცია შეიცვალა”- წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.
“ქართველი პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილი, ზოგი აქტიურად, ზოგი დანანებით ავრცელებენ და ამკვიდრებენ აზრს, რომ დასავლეთი გაურიგდა რუსეთს ( ან არ გაურიგდა და მერკანტელური ინტერესებიდან გამომდინარე) და უკრაინას აიძულებს დადოს ზავი ტერიტორიების სანაცვლოდ, მშვიდობა არსებული ტერიტორიული რეალობის შენარჩუნებით.
ეს პირდაპირ თუ ირიბად რუსული ნარატივის მხარდაჭერაა და იდეაში პუტინის ოცნების პიკი ( პუტინის დიპლომატიის გამარჯვება).
ჯერ ერთი: ამის არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს გარდა ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსის პოზიციისა.
მეორეც: დასავლეთის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ მიანიშნებს, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის პოზიცია შეიცვალა.
მესამე, მოყვანილი არგუმენტი, რომ დასავლეთი აჯანჯლებს ომს და ამით უკრაინას აიძულებს მშვიდობაზე იფიქროს არის სუსტი არგუმენტი, ხელოვნურად ომი ვერ ჯანჯლდება, ხოლო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოცულობა დაგეგმილზე უფრო მაღალია და ეს ვერ იქნება ომის მიმდინარეობის ხელოვნურად შემაფერხებელი.
მეოთხე, ნატოს რომ უნდოდეს რუსეთის დამარცხება უფრო აქტიურად ჩაებმება ომის მიმდინარეობაში და დღესვე დამთავრდება ომი უკრაინის გამარჯვებით.
ამ არგუმენტის ავტორებმა სანამ პოლიტიკის შეფასებას დაიწყებდნენ ჯერ ეზოში ომობანას თამაში დაამთავრონ და მერე შეეჭიდონ დიდ პოლიტიკას.
გასაგებია, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები პირდაპირ დიალოგში არიან დასავლელ კოლეგებთან და ხშირად გარკვეული განცხადებებით და გამოხატული ეჭვებით ცდილობენ გავლენა მოახდინონ მათზე და მათ ობივატელებზე ( გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა პოპულარულია მოსახლეობაში და პოლიტიკოსები ამას ითვალისწინებენ). რამდენად სწორია ასეთი ილეთების გამოყენება, ამაზე არ გავჩერდები. მაგრამ, ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ უკრაინისა და საქართველოს პოლიტიკა თუ ავურიეთ ერთმანეთს, შეიძლება ისეთი დასკვნები მივიღოთ რომელიც ნებით თუ უნებურად რუსულ ნარატივებს დაემთხვევა.
ფაქტი რაც არის: კითხვაზე უკრაინის შეტევის მდორედ მიმდინარეობაზე დასავლელი ოფიციალური პირები პასუხობენ, რომ შეტევის ტემპი რამდენად შეესაბამება სამხედრო გეგმებში მოცემულ მიზნებს ეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა შეაფასოსო, ხოლო ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ უკრაინას ჰქონდეს გამარჯვების მისაღწევად საჭირო სამხედრო მხარდაჭერაო”-წერს სოციალურ ქსელში გიორგი თავდგირიძე