ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებას, რომ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი არიან და იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს.
„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით. რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა, 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მხარი დაუჭირა მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას; ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ ბოროტებას, რომელსაც ქადაგებს პატივცემული; უთხრა „არა“ იმ სიყალბეს, რომელსაც ქადაგებს კონკრეტული ადამიანი; უთხრა „არა“ წარსულს, რომელთა მხარდაჭერით ხდებოდა ის, რაც ხდებოდა ქვეყანაში ცხრა წლის განმავლობაში. მათი უშუალო მხარდაჭერით ხდებოდა ის ბოროტება ქვეყანაში, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა.
რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას. მერწმუნეთ, ყველა ურთიერთობა დალაგდება, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და უფრო საინტერესო იქნება 20 იანვრის შემდგომი პერიოდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.