ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის ვერც ვერავის გავკიცხავთ საკუთარი ცხოვრების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არაც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია,- მაგრამ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად – 84 ხმით მიიღო.
მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველანაირ ქართულს, ყველანაირ ეროვნულ წამოწყებას.
„ხედავთ, რომ არის სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიო მასშტაბით ძალიან საშიში ტენდენციები. ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება შემაშფოთებელ სტატისტიკაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ამის გამეორება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ გვინდა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის ვერც ვერავის გავკიცხავთ საკუთარი ცხოვრების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არაც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია, პირიქით, ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალია თავის პირად ცხოვრებაში, მაგრამ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე და სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა. როდესაც ასეთ პირობებში, ამასაც კი უპირისპირდება რადიკალური ოპოზიცია, აქედან ჩანს, რომ ისინი მხოლოდ გარე დაკვეთით მოქმედებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთა ამ კანონის მიღებაა. პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კვლევაც ჩაატარა და 91% კანონის მიღებას უჭერს მხარს, ხოლო „რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების ასეთი ძლიერი დაკვეთის წინააღმდეგ პირდაპირ მიდის“.
„ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა – ისინი მოქმედებენ არა საზოგადოების დაკვეთით, არამედ გარე პატრონების დაკვეთით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ამნისტიის შესახებ კანონზე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უკვე მესამე მოსმენით არის მიღებული პარლამენტის მიერ.
„საქართველოში, დღეს, 10 000 პატიმარია, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით, 5 000 ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე,საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.