„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის დღე რუსულად აღნიშნა. თუ ეს ყველაფერი გაუვიდათ, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ – გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტი შაბათ-კვირას და მოვიპოვოთ გამარჯვება! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ მომხდარ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ჩამოშლის პირასაა და გამარჯვება ძალიან ახლოსაა. მან მოქალაქეებს 11-12 მაისს დაანონსებულ აქციებზე მისვლისკენ მოუწოდა.
“გუშინ ევროპის დღე იყო და “ქართულმა ოცნებამ” ეს დღე რუსულად აღნიშნა და ვის ესხმიან თავს? ადამიანებს, ვინც ახალგაზრდებს მხარს უჭერენ თავის პროტესტში, ამაგრებენ მათ ზურგიდან, თუ წინ უდგებიან, მაშინ როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ. ეს არის ნამდვილად შიშის და რეალობას მოწყვეტილი სიტუაციის გამომხატველი, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს. მე ვეუბნები მათ, თქვენი დრო ამოწურულია ხალხო, თქვენ მხარდაჭერა არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ ახლა ფიქრობთ, რომ ამ ძალადობით ვინმეს გააჩერებთ, მაგრამ მივმართავ საზოგადოებას – შაბათს, მსვლელობაზე უნდა ვიყოთ გაცილებით მეტი. კვირას, 22:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ არა “რუსულ კანონს” და კი – ევროპას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
დასავლეთისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს ქართველ ხალხს და სრული იზოლაციაშია ბიძინა ივანიშვილი. მერწმუნეთ, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია. როცა ერთად ვართ, ვერაფერს ბედავენ. ახლა უნდათ, რომ სათითაოდ დაგვესხან თავს, ამიტომ გავამხნეოთ და გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტი შაბათს, ვიყოთ გაცილებით მეტი კვირას და რაც მთავარია, გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან ახლოსაა გამარჯვება, ჩამოშლის პირასაა “ქართული ოცნება”. პოლიციელებს გუშინ ველაპარაკებოდი, უბრალოდ ხმას ვერ იღებენ. გია ჯაფარიძის სახლთან რომ მივედი, ხმას ვერ იღებდნენ პოლიციელები ისეთ მდგომარეობაში არიან და ვეკითხები საზოგადოებას – ვინმეს ასეთი საქართველო გინდათ? ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, რას აპირებს ამ კანონის მიღების შემდეგ. მე ღიად ვამბობ – თუ მას ეს ყველაფერი გაუვიდა, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ,” – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლევები უტარდება. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ღვინიანიძესაც.