„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას აკარგვინებს ინვესტიციებს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროში, ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული, რითაც მედიაში გავრცელებულ განცხადება ეხმაურებიან, სადაც ნათქვამია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა.
“ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, ლუგარის ცენტრი ვეღარ მიიღებს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ დოლარს სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის, ბიოსამედიცინო, ასევე ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისთვის, როგორც სტუდენტების, ისე მაგისტრებისა და დოქტორანტების მოსამზადებლად, რაც დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს დარგის მომავალს და სრულიად ჯანდაცვის სისტემას.
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა, „ქართული ოცნების“ რუსული მთავრობის პირობებში უკიდურესად დაზიანდა. ესაა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანმიმართული სვლა დასავლეთის წინააღმდეგ.
ამის კიდევ ერთი მაგალითია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა.
ეს არის შედეგი საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკისა, რომელიც ემსახურება და ატარებს რუსეთის ინტერესს, სრულად მოიშალოს საქართველოში დასავლური ინსტიტუციები და არსებული თანამედროვე, სამეცნიერო, ლაბორატორიული სისტემები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს, როგორც პრევენციული მედიცინის ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
ლუგარის ცენტრი რომლის გახსნასაც 2012 წელს სენატორი ლუგარი პირადად ესწრებოდა, საქართველო – აშშ-ს პარტნიორობის ერთ -ერთი სამაგალითო და ხელშესახები შედეგია. იგი ყოველთვის რჩებოდა რუსეთის სამიზნედ და დღეს რუსეთის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნების“ ხელით შექმნეს გარემო, რომელშიც ქართველის ხალხი ზარალდება.
ლუგარის ლაბორატორია წამყვანი ინსტიტუტი იყო С ჰეპატიტისა და კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც ათასობით ქართველის სიცოცხლე გადაარჩინა.
სამწუხაროდ, ლუგარის ცენტრი ვეღარ მიიღებს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ დოლარს სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის, ბიოსამედიცინო, ასევე ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისთვის, როგორც სტუდენტების, ისე მაგისტრებისა და დოქტორანტების მოსამზადებლად, რაც დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს დარგის მომავალს და სრულიად ჯანდაცვის სისტემას.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყანას აკარგვინებს ინვესტიციებს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში, ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით.
“ძლიერი საქართველო” შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ანტისახელმწიფოებრივი კურსით და დებს პირობას, რომ რუსული მთავრობის გასტუმრების შემდეგ უსწრაფესად აღადგენს სტრატეგიულ ურთიერთობებს პარტნიორებთან, ყველა მიმართულებით, მათ შორის ბიოუსაფრთხოების დარგში“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად, „ინტერპრესნიუსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას „აზუსტებენ“.