„ქართული ოცნების“ მთავრობა, მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი იცავენ მშვიდობას და არავის მისცემენ უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს”- თეა წულუკიანი

13
spot_img

მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება და ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით. საბოლოოდ, მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, რისთვისაც, მსურს, მადლობა ვუთხრა მას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით კი – დათქმა, რომელიც „მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას“ ითვალისწინებს“.

„ამ დღეების განმავლობაში, მე და ჩემი დელეგაციის წევრები არაერთ თქვენგანს შეგხვდით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რატომ ვთვლით ასე. შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი მომზადებულ რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, მათთვის, ვისაც ეს შეიძლება, ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავენ და არავის მისცემენ უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომლის ოკუპაციაც კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ.

კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც ოთხი სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხული. „ქართული ოცნების“ მთავრობა ამაყობს, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია. „ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.