„ქართული ოცნების“ ძირითადი ხარვეზი საკადრო პოლიტიკა და ცუდი პიარია“ – რამაზ საყვარელიძე

1015
spot_img

21 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 11 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის შედეგები შეაჯამა და პარტიის მთავარ მიღწევებზე ისაუბრა.

„2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი.

ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სწორედ მმართველი გუნდის დამსახურებაა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები.

„მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ 11 -წლიანი მმართველობა, „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ შეაფასა. მან ყურადღება პარტიის მთავარ მიღწევებზე გაამახვილა. პოლიტოლოგის განმარტებით, მმართველი გუნდის მთავარი მიღწევა არჩევნებში გამარჯვება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებაა.

„ვფიქრობ, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა არჩევნებში უმტკივნეულოდ გამარჯვება იყო. მოგეხსენებათ, ეს ძალიან რთული არჩევნები აღმოჩნდა, – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული საქართველოს უახლეს ისტორიაში. საკითხი მართლაც მწვავედ იდგა – როგორ მოხდებოდა მმართველობის გადაბარება „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის შემთხვევაში,-მშვიდობიანად თუ ძალისმიერი მეთოდებით. ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროცესების მოგვარება მშვიდობიანად მოხერხდა, უდავოდ, დიდი მიღწევაა.

პარტიის დამსახურებაა ასევე, როგორც თავად ამბობენ, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაც. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ცდილობდა, საქართველო ომში ჩართულიყო, ამ მიმართულებით გადადგმული ბოლო ნაბიჯი, – სიფრთხილე უკრაინის საკითხში, – მართლაც პარტიის დიდ პლუსად ითვლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა ევროპულ პროცესებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, – „პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე“, მართლაც სწორი და წინგადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგმა, “ჯორჯიან თაიმსთან”, პარტია „ქართული ოცნების“ ხარვეზებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, პარტიის მთავარი ნაკლოვანება, გუნდში, საკადრო პოლიტიკის დაბალი ხარისხი და პიარის სისუსტეა.

„რაც შეეხება ხარვეზებს, ამ კონტექსტში ივანიშვილის პოზიცია მახსენდება. სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს, როდესაც სიტუაცია გართულდა, ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გადადგამდა გარკვეულ ნაბიჯებს, ოღონდ, საზოგადოებას მობილიზაცია მოეხდინა და გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში დამარცხებული ყოფილიყო. ამ ფონზე, ის ხალხს დაჰპირდა, რომ თუ საზოგადოება მას დაუჯერებდა, ის პარტიაში, საკადრო პოლიტიკას გამოასწორებდა. ივანიშვილმა, სინამდვილეში ხომ ყველაზე კარგად იცის, თუ რა პრობლემები აქვს მის პარტიას?! ის დაგვპირდა, თუმცა, ეს პროცესი, დღემდე არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საკადრო პოლიტიკაა პარტიის ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა. საკადრო პოლიტიკა არა მარტო საკადრო თანამდებობებზე, არამედ, ქვედა რგოლებშიც, სადაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი „ოცნებას“ იმაში საყვედურობს, რომ მუდმივად „ნაციონალების“ კადრებს აწინაურებენ.

პარტიის მეორე ხარვეზი – მმართველი გუნდის პიარის სისუსტეა, – ძალიან დაბალი ხარისხი, პარტიის მიღწევების რეკლამირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; ინფორმაციის გავრცელების დეფიციტი, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე უცხოეთისთვისაც, რაც ხშირად ნელა და არაეფექტურად ხდება. ამას, მარტივად რომ ვთქვათ, პარტიის ცუდი პიარი ჰქვია“, – განაცხადა მან.

რამაზ საყვარელიძეს უჭირს გადაჭრით თქმა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს „ქართული ოცნების“ ბედი, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შეფასებით, გუნდში „არასტაბილური გარემოა“.

„მიჭირს იმის თქმა, თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ძალიან ქაოსური, არასტაბილური გარემოა.

ვფიქრობ, გაუდაბნოვდა პოლიტიკური ლანდშაფტი, სხვა პარტიები თითქმის აღარ ჩანან, ან ძალიან მცირე რეიტინგი აქვთ. ამ პირობებში, როგორ იმოქმედებს მთავარი პარტია, ძნელი სათქმელია. როგორც წესი, ასეთ დროს, დიდი პარტია იწყებს ხოლმე შიგნით გაყოფას. მაგალითად, ასე მოხდა ედუარდ შევარდნაძის დროს, როდესაც „მოქალაქეთა კავშირს“ გამოეყვნენ „რეფორმატორები“, რის შემდეგაც მოხდა ხელისუფლების შეცვლა. შესაძლოა, გაჩნდეს შიდაპარტიული ტიპის დინამიკა, – ვიცით, რომ უკვე გაჩნდა ელემენტი „ხალხის ძალა“. ასევე, შეიძლება მოხდეს ისიც, რომ გაჩნდეს ახალი პარტია. ამ შემთხვევაში, „ოცნებაში“ მობილიზება მოხდება და გუნდი შეიკვრება. ვგულისხმობ ახალ, ადამიანურ რესურსს, რომელიც ამ პარტიის შეკვრას და გაძლიერებას მოახერხებს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

/თამუნა დუღაშვილი/