“ქართული ოცნება” პარლამენტში ასეთი კომისიის შექმნას არ დაუშვებს”- სანდრო რაქვიაშვილი

81
spot_img

„ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ან სამაშველო ოპერაციაში სრული „ბარდაკი“ იყო ან პოლიტიკურად ამორალურ თამაშს ჰქონდა ადგილი, – აცხადებს  გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილი

რაქვიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად, შოვის სტიქიისას ითქვა, რომ ღამით მუშაობა გააჩერეს, რადგან სამაშველო სამუშაოების ღამე ჩატარება არ შეეძლოთ, ამის მერე თქვეს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვერტმფრენი 15 წუთში აფრინდებოდა თუ ერთ საათში, „გუშინ კი საზოგადოებამ გაიგო, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ამიტომ გაფრენა არ უნდა გაერისკათ“.

რაქვიაშვილის თქმით, სრულიად ლეგიტიმურ ეჭვებსა და კრიტიკას თავად ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები აჩენს, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ აღნიშნულ კითხვებს პასუხი გაეცემა, არა აქვს.

“ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ იარსებებდა, რადგან სამაშველო სამსახური სხვანაირად იმუშავებდა და გამოძიებასაც უფრო მეტი ნდობა ექნებოდა. იმ სიტუაციაში, როცა არც ერთ ინსტიტუციას ნდობა არა აქვს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას შეიძლება აზრი ჰქონდეს, თუმცა არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არ მგონია, საქმე კენჭისყრამდე მივიდეს.

თუ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრამდე მივა, მე მას მხარს დავუჭერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება” პარლამენტში ასეთი კომისიის შექმნას არ დაუშვებს”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.