IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” შესახებ ვრცელდება მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ. IRI მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას 20 წელზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია. “ქართული ოცნების” ბევრი ლიდერი IRI-ს პროგრამების კურსდამთავრებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული მათში. ასე რომ ჩნდება კითხვა, რატომ ცდილობს მმართველი პარტია დამოუკიდებელი გამოკითხვის ჩახშობას და თავს ესხმის ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მხოლოდ იმით, როგორ ისწავლონ, იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი გამოკითხვა, რომელიც არ უჭერს მხარს თქვენს პოზიციას, შესაძლოა შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ლიდერებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმის შესახებ, რა არის საზოგადოების პრიორიტეტები“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ხელს უწყობენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქვეყნის მომავლის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ.
„ჩვენ აქ, საქართველოში ვხედავთ, რომ ახალგაზრდა ადამიანებს სურთ წვლილი შეიტანონ იმ საკითხების განხილვაში, რომელსაც მომავლის განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რას ემსახურება IRI და NDI, ისინი ეხმარებიან ამ ადამიანებს იმ უნარების განვითარებაში, რაც ამ საკითხების განსახილველად არის საჭირო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეხმარება მათ იმაში, თუ როგორ ჩაერთონ კონსტრუქციულად და მშვიდობიანად პოლიტიკურ პროცესებში და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის მომავლის განვითარებაში. IRI და NDI დიდ როლს თამაშობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ“, – აღნიშნა ელჩმა.