
„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, სადაც დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.
„დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ ქართველი ხალხის – საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა იყო მთავარი, რაც ჩვენ ყველაზე რთულ მომენტებში ყველაზე რთული გამოწვევების გადალახვის საშუალებას გვაძლევდა. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ პატრიოტ თანამოქალაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის.
„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში, ერთგულად და უშიშრად ემსახურებიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.