ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან საქართველოს თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო. ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ურყევი მხარდაჭერით სარგებლობს. ქართული ჯარი ისტორიულად მთელ საზოგადოებასთან, ჩვენს ეკლესიასთან ერთად იცავდა ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს ღირებულებებს, სამშობლოს, ჩვენს მიწა-წყალს, ის ნიჭიერ და ტოლერანტ ხალხს, მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასა და იდენტობას. სწორედ ეს ქართული იდენტობა გვეამაყება თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მხედრობას და ის მუდამ იქნება ჩვენი თვითმყოფადობის და განვითარების სიმბოლო. განსაკუთრებით გილოცავთ დღევანდელ დღეს თქვენ, სამხედროებს, თითოეულ ჯარისკაცს, ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოს ემსახურებით. თქვენს პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე. თქვენი შრომა და ყოველდღიური ძალისხმევა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. მრავალმა თქვენგანმა არაერთხელ გამოავლინეთ სიმამაცე და მებრძოლი სული ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში. სწორედ ამ ბრძოლებში კარგად გამოჩნდა, რომ დღევანდელი ქართული ჯარი ამაყად აგრძელებს ჩვენი წინაპრების მხედრულ ტრადიციებს. კიდევ ერთხელ, დღევანდელ დღეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს სამსახურისთვის, თავდადებისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის. მინდა თქვენთან ერთად დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს, რომლებიც გაძლიერებენ, ზურგს გიმაგრებენ და თქვენს წარმატებებს იზიარებენ. მადლობა თქვენს მშობლებს პატრიოტების აღზრდისთვის“,-განაცხადა ჩიქოვანმა.