
„ძლიერი საქართველოს“ ადვოკატის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, კოალიცია ცესკო-სთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მისი თქმით, „ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლებელია, როცა ეს ხელისუფალს არ სურს“.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. თუმცა უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლებელია, როცა ეს ხელისუფალს არ სურს – დღეს არის ამის დასტური. სასამართლო დარბაზში მოყვანილ იქნა არაერთი არგუმენტი, კანონის პირდაპირი ჩანაწერი, რომ დადგენილება ეწინააღმდეგებოდა კანონის ჩანაწერს, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როდესაც კანონს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და განსაკუთრებით სასამართლოში არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა აუცილებლად გავასაჩივრებთ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რაც გაგვაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას გავაგებინოთ თუ როგორ აყალბებს არჩევნებს “ქართული ოცნება”, როგორ გააყალბა ეს არჩევნები 26 ოქტომბერს და როგორ ცდილობს მომავალი არჩევნების გაყალბებას“, – განაცხადა ართქმელაძემ.
„ძლიერმა საქართველომ“ და ISFED-მა საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც შეეხებოდა ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.