“ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია მხოლოდ რიტუალურად ახსენდება“- რომან გოცირიძე

20
spot_img

ესენი ალილო ფარისევლები არიან, ვითომ რელიგიასა და რწმენას იცავენ – მათი რელიგია და რწმენა ფული და ძალაუფლებაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს! – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომლის განცხადებით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა გამკაცრდება.

გოცირიძის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია მხოლოდ რიტუალურად ახსენდება“.

“ამ პარლამენტარების, ამ ალილო ფარისევლების მხრიდან რომელ კანონიერებაზე და კანონის გამკაცრებაზეა საუბარი?! პარლამენტის შენობის წინ აღმართულია ჯვრის მსგავსი რაღაც კონსტრუქცია, რომლის აღმართვის დღეს ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა, დღემდე დგას და სწორედ ამ ფარისევლობის გამო ხელი ვერ ახლეს. ვითომ რელიგიასა და ვითომ რწმენას იცავენ. მათი რელიგია და რწმენა არის ფული და ძალაუფლება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს და ემსახურებიან არა ქვეყანას, არამედ ივანიშვილის მმართველობას. ახლა რაღაც ახალი თემა გამოაგორეს კანონის გამკაცრებაზე…

ეშმაკის წარმომადგენელია სტალინი, ლენინი და ყველა ბოლშევიკი, რომლებმაც ასობით ათასი ადამიანი მარტო საქართველოში გაანადგურეს და რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ. ამ ადამიანების ხატებით არის მოფენილი პრორუსული ქართული ეკლესია, რომელიც დღემდე რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

“ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია რიტუალურად ახსენდება, როდესაც ქუჩაში გამოეფინებიან და ალილოს მსვლელობაზე გამოსულ ადამიანებს კანფეტებს ურიგებენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.