
მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ეჭვმიტანილია ყოფილ მეგობარ ქალ იულია ვანიზე სასტიკ თავდასხმაში
იულია ვანი არის ჩაის სახლ Van Tea-ს მფლობელი, რომელიც ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტრეხგორკაში. ტელეგრამ-არხ Mash-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავდასხმა გვიან საღამოს მოხდა, როდესაც სახლში მათი საერთო ქალიშვილი იმყოფებოდა.
- რა არის ცნობილი მომხდარის შესახებ?
წყაროს ინფორმაციით, მიხეილ ხუბუტია იულია ვანის საცხოვრებელში მოსკოვის დროით დაახლოებით, 23:00 საათზე შეიჭრა და ქალს იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ბავშვს მეზობელ ოთახში ეძინა. რუსული მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად ქალმა ორივე ფეხზე მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებულის ახლობლების თქმით, ყოფილი ჩინოვნიკი მას ადრეც ემუქრებოდა. ეუბნებოდა, რომ ბავშვსა და ქონებას ჩამოართმევდა და თავად ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებდა.
მედიის ცნობით, დაზარალებული ბავშვის ძიძამ ნახა, რომელმაც მაშინვე გამოიძახა პოლიცია და ახლობლებს აცნობა. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მისვლის დროს მიხეილ ხუბუტია უკვე შემთხვევის ადგილიდან მიმალული იყო. დაზარალებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ თავდასხმის დროს ხუბუტიამ შესაძლოა, ცივი იარაღი გამოიყენა – სავარაუდოდ ჩაქუჩი ან ცული. იულია ვანი “პრაქტიკულად უგონო მდგომარეობაში“ იპოვეს, ხოლო ოთახი სისხლით იყო დაფარული. მას ორივე ფეხზე მოტეხილობა აქვს.

ამჟამად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. პოლიცია ეჭვმიტანილის ადგილსამყოფლის დასადგენად და მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
- ვინ არის მიხეილ ხუბუტია: მტვირთავიდან-მილიონერამდე
მიხეილ ხუბუტიამ თავისი კარიერა მოსკოვში 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც საქართველოს პატარა ქალაქის მკვიდრი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს მოსკოვის ოლქის ხიმკიში. ხუბუტიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ბიზნესში. მას მეტსახელად “იარაღის ბარონი“ უწოდეს.
მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მეწარმის ცხოვრებას ფუფუნება ყოველთვის არ ახლდა თან.
მოსკოვის პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში სწავლის დროს მას დამატებითი სამუშაოს შესრულება უწევდა, მათ შორის ღამით ვაგონების ჩამოტვირთვა.

საბჭოთა კავშირის ნგრევის წლებში ხუბუტიამ თანამოაზრეებთან ერთად დააარსა კოოპერატივი, რომელიც შემდგომში სავაჭრო კომპანიად გადაკეთდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ნადირობა გახდა. პირველი მაღაზია ხუბუტიამ ყაზანის რკინიგზის სადგურთან გახსნა. მოგვიანებით, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული განათლების მიღების შემდეგ, მან იარაღის შესახებ ახალი კანონის შემუშავება დაიწყო.
შვილის თვითმკვლელობა
2018 წელს მოსკოვში, მალაია ბრონნაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში იპოვეს 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ცხედარი. როგორც მედია იუწყებოდა, გარდაცვლილი იატაკზე პირქვე იწვა, გვერდით კი სანადირო თოფი ედო, რომელიც მის მამაზე იყო რეგისტრირებული. ახალგაზრდა მამაკაცი დამლაგებელმა აღმოაჩინა, რომელსაც ბინაში მისულს ბიჭის ცხედარი დახვდა. სახლი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, შესაბამისად ძალადობის ვერსია გამოირიცხა.
წყარო: ambebi.ge