“ქალბატონი სალომე უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება, რა გამოდის, რომ საკუთარ ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში?”

22
spot_img

ეს საერთოდ სასწაულია – ქალბატონი სალომე უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. რა გამოდის, რომ საკუთარ ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შარლ მიშელისა და ემანუელ მაკრონისადმი თხოვნას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს მიმართ სალომე ზურაბიშვილს „გაუგონარი დამოკიდებულება აქვს“.

“ასეთი რამე, ასეთი გამოცდილება თუ არსებობს ისტორიაში, არ ვიცი. გვახსოვს, როდესაც საქართველო 30 წლის უკან იყო ნაწილი საბჭოთა კავშირის და ცენტრში მიდიოდა ჩივილები. თუ ეს მიდგომა აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს სხვა სახელმწიფოში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან? აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულებაა ქალბატონი სალომეს მხრიდან ქვეყნის მიმართ. როგორც ჩანს, სახელმწიფოდ არ თვლის ამ ქვეყანას. პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის წარმომადგენელია. ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის ლიდერებთან უნდა იჩივლოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომ შემდეგ, ქართველი ხალხის ლიდერები დაარწმუნონ, რა კანონი მიიღონ და რა – არა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობაში ქალბატონ სალომეს და ბევრს, ამ ჯგუფიდან, ისე მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა უკარნახონ სხვა ქვეყნის ლიდერებმა, რა აკეთონ და რა – არა. არცერთი არგუმენტი არ წარმოადგინეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც გვესმის, ისაა, რომ ვიღაცამ თქვა, რა კანონი უნდა მივიღოთ და რა – არა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმარტივეს საკითხებზეა მსჯელობა – თუ დააკვირდებით რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში აგრესიაში იყვნენ ჩართულები, ყველას უკან წყაროდ ნახავთ NED-ის, EED-ის დაფინანსებას. გამოაქვეყნონ, რას უმალავენ ქართველ ხალხს?“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.