
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რუსეთის აეროდრომებზე უპასუხოდ არ დარჩება“ (ავტორები – ზორან კანო-იანგსი და ჯონათან სვონი). პუბლიკაციაში კომენტირებულია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც 4 ივნისს გაიმართა. გარდა ამისა, მასალაში აღნიშნულია, თუ ვის მიმართ აქვს სიმპათიები აშშ-ის პრეზიდენტს და ვინ არის მისთვის „ცუდი ბიჭი“ – პუტინი თუ ზელენსკი.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო დარტყმას გეგმავს უკრაინის მიმართ – მას შემდეგ, რაც კიევმა მოულოდნელი შეტევა განახორციელა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე. ამ საკითხზე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს იმსჯელეს.
„პრეზიდენტმა პუტინმა ნამდვილად თქვა და ძალიან მტკიცედ, რომ მას მოუწევს რეაგირება მოახდინოს აეროდრომებზე [უკრაინის] ამასწინანდელი შეტევების გამო“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის პოსტში, რომელიც Truth-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მან სატელეფონო საუბარი შეაფასა როგორც „კარგი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივ მიგვიყვანს მშვიდობასთან“. სხვათა შორის, პოსტი ცოტა ხნით საიტიდან გაქრა და შემდეგ ისევ გამოჩნდა. თეთრ სახლს ამ ფაქტის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
განცხადებაში დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, შეეცადა თუ არა იგი ვლადიმერ პუტინისათვის გადაეთქმევინებინა უკრაინისათვის საპასუხო დარტყმის მიყენების განზრახვა. ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ იმსჯელეს რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ირანთან დამოკიდებულებაზე და ოპტიმიზმი გამოხატა ირანის ბირთვული პოტენციალის შეკავებასთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპის რეაქცია აეროდრომებზე შეტევასთან დაკავშირებით საკმაოდ დაყოვნებული იყო იმ ფონზე, როცა იგი სწრაფად აკეთებს ხოლმე კომენტარს საერთაშორისო საკითხებზე. ეს იყო მისი პირველი განცხადება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ იმ საოცარი შეტევიდან, რომლის შედეგად რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები – ბირთვული იარაღის მზიდი თვითმფრინავები – განადგურდნენ. უკრაინული დრონების შეტევამ მათი მნიშვნელოვანი მოწყვლადობა გამოავლინა.
უკრაინამ რუსეთს სტრატეგიული და სიმბოლური დარტყმა მიაყენა – კიევმა, სანამ აეროდრომებს შეუტევდა, თავისი დრონები რუსეთის ღრმა ზურგში განალაგა, ხუთ რეგიონში, რომლებიც სხვადასხვა სასაათო სარტყელებში მდებარეობენ. მიყენებული მატერიალური ზარალი საკმაოდ საგრძნობია – 7 მილიარდი დოლარი.
დონალდ ტრამპმა ეს ეპიზოდი თავის პოსტში ისე აღწერა, თითქოსდა იგი გარე დამკვირვებელი იყო და ისეთი ვარაუდით, რომ რუსეთის აგრესიული პასუხი უკვე გარდაუვალად მოსახდენ ფაქტად ჩათვალა.
თავის მხრივ იური უშაკოვს, პუტინის თანაშემწეს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, არაფერი უთქვამს იმის შესახებ, განაცხადა თუ არა პუტინმა რაიმე საპასუხო ნაბიჯზე, თუმცა მან აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა „ტერორისტულია“ რუსეთის რკინიგზაზე მომხდარი ხიდების აფეთქების გამო. უკრაინელების „ტერორიზმზე“ ლაპარაკის დროს იური უშაკოვმა განგებ „დაივიწყა“ ის ფაქტი, რომ სწორედ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას 2022 წლის თებერვალში, ხოლო ბოლო დროს კრემლმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა გააძლიერა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს ოთხშაბათს განუცხადა, რომ ოპერაცია „აბლაბუდა“ („ობობას ქსელი“) არ განხორციელდებოდა, კრემლი რომ დაზავებაზე დათანხმებულიყო: „ცეცხლი რომ შეწყვეტილიყო, განა ჩვენ ამ ოპერაციის რეალიზებას მოვახდენდით? რა თქმა უნდა, არა“.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების თქმით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა როგორც ვლადიმერ პუტინით, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკით, მაგრამ იგი განსაკუთრებით ვერ იტანს უკრაინის ლიდერს, ანუ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლს წარმოადგენს. დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს თავისი თანაშემწეებისათვის, რომ მისტერ ზელენსკი „ცუდი ბიჭია“, რომელიც მსოფლიოს ბირთვული ომის უფსკრულისაკენ უბიძგებს. ამასთან, რიგ შემთხვევებში მას ისიც უთქვამს თავის თანაშემწეებთან, რომ სრულიად გასაგებია ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგობა – იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისეთ მტერს ებრძვის, რომელიც უკრაინის ქალაქებს შეუბრალებლად ბომბავს.
დონალდ ტრამპის სიმპათიები უფრო ვლადიმერ პუტინისაკენ იხრება, თუმცა ზოგჯერ იგი იმედგაცრუებას და აღშფოთებას გამოხატავს. აშშ-ის პრეზიდენტი ადრე, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ რადგან პუტინთან ურთიერთობას „ძალიან-ძალიან კარგი“ უწოდა, ასეთი შეფასება მას ცეცხლის სწრაფ შეწყვეტაში დაეხმარებოდა. დონალდ ტრამპი საკუთარი მწარე გამოცდილებით დარწმუნდა, თუ როგორია აშშ-ის გავლენის ზღვარი, როცა მას თვითონ არ სურს უკრაინას მეტი იარაღი და ფული მისცეს. ვლადიმერ პუტინი ამას ხედავს და შესაბამისად იქცევა. კრემლი ასევე იმითაც არის დაიმედებული, რომ დონალდ ტრამპი დამატებითი სანქციების დაწესებისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა სენატის ორპარტიულ კანონპროექტს ანტირუსული სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მისმა თანაპარტიელმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა (სამხრეთ კაროლინის შტატიდან) შეიმუშავა.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „აბსოლუტურად ჭკუიდან შეშლილი“ უწოდა, მან ტონი შეცვალა და თქვა, რომ რუსეთის ლიდერს ორი კვირის ვადას მისცემს პროგრესის ნიშნების გამოსავლენად. ახლა კი ტრამპი ამბობს, რომ მას პუტინის დახმარება ჭირდება ირანთან ბირთვული გარიგების დასადებად.
„მე განვუცხადე პუტინს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ამ საკითხში, ჩემი ვარაუდით, ჩვენ შეთანხმებამდე მივედით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში, – „პრეზიდენტმა პუტინმა თქვა,
რომ იგი, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ირანთან დისკუსიაში და რომ იგი, ალბათ თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესის სწრაფ დასრულებაში“.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს წინადადება გაუგზავნა შეთანხმების დადების მიზნით: „გთავაზობთ გარიგებას – თუ ურანის გამდიდრებას შეწყვეტთ, მაშინ ატომური ელექტროსადგურებისთვის ურანს რეგიონული კონსორციუმისგან მოგცემთო“, მაგრამ ეს შეთავაზება თეირანმა უარყო.
მოამზადა სიმონ კილაძემ