
აშშ და რუსეთი მუშაობენ უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციას გაამყარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის პირადი შეხვედრის დროს, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.
ამჟამად ვაშინგტონი ცდილობს მიიღოს კიევისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა ამ გარიგებისთვის.
პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინამ სრულად გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, ასევე უარი თქვას ოკუპირებულ ყირიმზე. ამის სანაცვლოდ, მოსკოვი შეაჩერებს შეტევით მოქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, „ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება პუტინისთვის, რომელიც დიდი ხანია ცდილობს აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს უკრაინისა და მისი პარტნიორების გვერდის ავლით.
ამასობაში, ევროპა შიშობს, რომ სწორედ მას მოუწევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გაკონტროლება, ვიდრე რუსეთი საკუთარ სამხედრო პოტენციალს აღადგენს.
სააგენტო Bloomberg-ის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ შესაძლო შეთანხმების პირობები და დეტალები ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული და შეიძლება შეიცვალოს. მისი მიზანია ომის აქტიური ფაზის გაყინვა, ზავისა და საბოლოო მოგვარების შესახებ შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნა.