
ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენში“ (New Statesman) გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „პუტინის ენდშპილი: დასავლეთში განხეთქილებისა და აშშ-ის პრეზიდენტის დათმობების ფონზე ვლადიმერ პუტინი უარს არ ამბობს თავის მიზანზე – უკრაინის დაუფლებაზე“ (ავტორი – ქეით სტალარდი, უფროსი რედაქტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ვლადიმერ პუტინი მიმდინარე ამბებით კმაყოფილია და ტკბება. ამას წინათ იგი რუს ბიზნესმენებს ხვდებოდა და ლაპარაკი გაუგრძელდა, ამ დროს კი დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრის დაწყება ახლოვდებოდა. პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა რამდენჯერმე ანიშნა, მაგრამ პუტინმა – „არაფერია, მოიცდის, სამუშაო არსად გაექცევაო“ – თქვა და ლაპარაკი გააგრძელა. ბიზნესმენებმა ხმამაღლა გაიცინეს. პუტინმა დააზუსტა, პესკოვზე ვთქვიო, მაგრამ არავინ დაიჯერა. აშკარად ჩანდა, რომ რუსი პრეზიდენტის ხუმრობა თავის ამერიკელი კოლეგის მისამართი იყო ნათქვამი. ძირითადი აზრი ნათელი იყო: ვლადიმერ პუტინი არ ჩქარობდა დონალდ ტრამპთან საუბარს.
როცა ერთი საათის შემდეგ ორმა ლიდერმა ისაუბრა, კრემლის ბინადრის დაუდევრობა და უდარდელობა გამართლებული აღმოჩნდა: დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უყვირა და თეთრი სახლიდან გააგდო, ვლადიმერ პუტინის წინაშე კი შაქარივით დატკბა – საუბარს მან „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა.
რატომ უკმევს ტრამპი გუნდრუკს პუტინს? დიახ, რუსეთი დონბასის ფრონტზე წარმატებას აღწევს. ისიც ფაქტია, რომ რუსეთის არმიამ კურსკის ოლქიდან უკრაინული ქვედანაყოფები გააძევა. თუმცა მთავარი მაინც სხვა ფაქტორია – გეოპოლიტიკური რღვევის ხაზმა ადგილი შეიცვალა. დონალდ ტრამპის მოსვლით აშშ-ის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი უკრაინისა და ევროპის დანაწილების შესაძლებლობას ხედავს. როგორც მინიმუმი, მას იმედი აქვს, რომ ოკუპირებულ რეგიონებს შეინარჩუნებს. იგი უკვე ითხოვს, რომ უკრაინა მუდმივად ნეიტრალური იყოს და ნატოს წევრი არ გახდეს (დიდი ალბათობით, შეიძლება ისიც მოისურვოს, რომ უკრაინა არც ევროკავშირში არ მიიღონ). ვლადიმერ პუტინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგებას, მაგრამ მას ასევე კატეგორიულად სურს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უკრაინაში, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოშორების მიზნით, რათა ხელისუფლებაში უფრო პრორუსული ლიდერი მოიყვანოს. მოკლედ, პუტინის აზრით, უკრაინა ან რუსეთის ორბიტაზე უნდა იყოს, ან უნდა განადგურდეს.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ასეთი მოთხოვნები ფანტასტიკურად იქნებოდა შერაცხილი. გავიხსენოთ, რომ ომის პირველ პერიოდში, 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ისეთი სახიფათო სიტუაცია იყო, რომ ბევრს ეგონა რუსეთი მართლაც დამარცხდებოდა. 2023 წელს კრემლის არმია ერთ ადგილს ტკეპნიდა, შემდეგ კი თითოეული ქალაქ-სოფლის აღება დიდ დანაკარგებს იწვევდა. მაგრამ ახლა, როცა აღარ არის არც ჯო ბაიდენი და მისი ფიციც („უკრაინას დავეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭიროა“) წარსულში დარჩა, რუსეთისათვის ჰორიზონტი იმედიანი გახდა.
ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც დონალდ ტრამპის პირველი ვადის პრეზიდენტობა კარგად გაანალიზა, დაინახა, რომ ამერიკელ ლიდერს ძალიან მოსწონს ქება-დიდება და მაამებლობა, იგი მგრძნობიარეა თბილი სიტყვების მიმართ და ადვილად ექცევა თითქოსდა მომგებიანი გარიგების ტყვეობაში. იმავდროულად დონალდ ტრამპი ვერ იტანს ვოლოდიმირ ზელენსკის და მის მიმართ ზიზღსაც გამოხატავს, უწოდებს „დიქტატორს“ და სხვა მსგავსი სიტყვებით ამკობს. ვლადიმერ პუტინი ხედავს, რომ დონალდ ტრამპი ნეგატიურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, „რომელიც აშშ-ის საწინააღმდეგოდ მის საპირწონედ არის შექმნილი“. ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა კრემლის მხრიდან დაშვებული, თუ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ევროფობიას თავის სასარგებლოდ არ გამოიყენებდა და ამ უპირატესობით არ ისარგებლებდა.
რა თქმა უნდა, უეჭველია, არის ის მიზეზებიც, რის გამოც ვლადიმერ პუტინსაც სურს ცეცხლის შეწყვეტა და დაზავება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის არმიამ, წარმატებასთან ერთად, დიდი დანაკარგებიც განიცადა: დაღუპული და დასახიჩრებულია 900 ათასამდე ჯარისკაცი, რუსეთმა დაკარგა თითქმის 12 ათასი ტანკი და საბრძოლო ჯავშანმანქანა, ასობით თვითმფრინავი და შავის ზღვის სამხედრო ფლოტის 20-მდე გემი, ფლაგმან „მოსკოვის“ ჩათვლით. დიახ, რუსულმა ეკონომიკამ გაუძლო სამწლიან სანქციებს, გადავიდა სამხედრო რელსებზე, ძველი ქარხნები ისევ ამუშავდა და სამხედრო პროდუქციას უშვებენ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზეა, მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, უკვე შესამჩნევია ეკონომიკის „გადახურებისა“ და კრიზისის ნიშნები, იზრდება ფასები, ინფლაციის დონე…
და მაინც რუსეთის ხელისუფლება მტკიცედ და მყარად დგას. მთავრობა მობილიზაციას არ აცხადებს, მაგრამ ჯარისკაცებს ომში საბრძოლველად დიდ ფულიანი კონტრაქტებით იზიდავს. თუ ისინი დაიღუპებიან, ოჯახები მსხვილ თანხას იღებენ კომპენსაციის სახით.
პუტინის რეჟიმს დამაჯერებლობას მატებს იარაღის მუდმივი მიწოდება ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. უფრო მეტიც – ფხენიანი მოსკოვს დასახმარებლად თავის ჯარისკაცებსაც უგზავნის. მართლაცდა, ჩრდილოკორეელებმა კურსკის ოლქში, საწყისი წარუმატებლობის მიუხედავად, უკრაინელებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.
სანქციების მიუხედავად, რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტს აგრძელებს. კრემლი დიდ შემოსავლებს იღებს ნავთობის მიწოდებით ისეთი დემოკრატიული ქვეყნებიდან, როგორებიცაა ბრაზილია და ინდოეთი. რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინისათვის უფრო კარგი იქნება როგორც სანქციების შესუსტება ან საერთოდ გაუქმება, ასევე რუსეთის მიწვევა საერთაშორისო ფორუმებში და კლუბებში, მაგალითად, „დიდ შვიდეულში“, საიდანაც კრემლი 2015 წელს გააძევეს (იმ დროს დიდ შვიდეულს“ „დიდი რვიანი“ ერქვა). ასევე ცხადია, რომ ვლადიმერ პუტინისათვის, რომელსაც ოფიციალური ვიზიტების განხორციელება სურს, კარგი იქნებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გაუქმება. თუმცა კრემლისათვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის დამარცხება და რუსეთის გავლენის სფეროების აღდგენა.
რაც შეეხება რუსეთის საშინაო პოლიტიკურ ვითარებას, ამ ცოტა ხნის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვით, რესპონდენტთა 80% თვლის, რომ რუსეთმა ომი გამარჯვებამდე უნდა გააგრძელოს, თუნდაც ახალი სანქციების ფონზე. ვლადიმერ პუტინის რეიტინგი კი რეკორდულად მაღალია – 88%.
(…)
ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა შეზღუდულია. თუ აშშ-ის კონსტიტუცია არ შეიცვლება, მისის მმართველობა ოთხი წლის შემდეგ შეწყდება. კრემლმა ისიც იცის, რომ დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ შეიძლება კონგრესზე კონტროლის დაკარგოს, სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ. რუსეთის ლიდერი მიიღებს ყველა დათმობას, რასაც მას დონალდ ტრამპი შესთავაზებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით იგი არ ავლენს არავითარ ნიშნებს იმისა, რომ მზადაა სანაცვლოდ რაღაც მნიშვნელოვანი და ფასეული დათმოს. ვლადიმერ პუტინს არ სურს საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩინეთთან ურთიერთობაც, როგორც ამას ტრამპის ზოგიერთი გულუბრყვილო მხარდამჭერი ვარაუდობს.
ვლადიმერ პუტინი აცნობიერებს იმას, რომ აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტს კურსის შეცვლა შეუძლია, ამიტომ საეჭვოა, რომ მან საკუთარი უსაფრთხოება ამერიკული დემოკრატიის კაპრიზებს დაუკავშიროს. იგი შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა რუსეთის სასარგებლოდ და გზადაგზა თავის ამერიკელ კოლეგას მაცდური პროექტები და წინადადებები შესთავაზოს (ვთქვათ, ციმბირის წიაღის ერთობლივი ათვისების გეგმა). შესაძლოა, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოებში რამდენიმე შეთანხმებას დადებს, მაგრამ უარს არ იტყვის თავის საბოლოო მიზანზე – აიძულოს კიევი შეურიგდეს გარდაუვალ პერსპექტივას, რომ უკრაინა მეორე ბელარუსი გახდება, თუმცა უფრო დიდი.
პირველად ომის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინი, ალბათ, გააცნობიერებს, რომ ასეთი შედეგი მისთვის ხელმისაწვდომია და რომ ეს მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენს, აშშ-ის გულგრილობის ფონზე.
მოამზადა სიმონ კილაძემ