
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily telegraph) აქვეყნებს კომენტარს სათაურით „ვლადიმერ პუტინისათვის დრო, როგორც იქნა, მალე დასრულდება: დონალდ ტრამპის ახალი ულტიმატუმი რუსი ლიდერის საომარ სტრატეგიას ანგრევს“ (ავტორი – სემიუელ რამანი). პუბლიკაციაში ოპტიმიზმია გამოხატული, რომ ამერიკის პრეზიდენტის ახალი მკაცრი ულტიმატუმი თავისი აგრესიული რუსი კოლეგის მიმართ საბოლოოდ რეალურ შედეგს მოიტანს.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს ახალი ულტიმატუმი წაუყენა: ეჭვი შეიტანა რა ვლადიმერ პუტინის მზადყოფნაში უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადრე გამოცხადებულ 50-დღიან ულტიმატუმს 10-12 დღემდე შეამცირებს. თუ რუსეთი მშვიდობისაკენ არ შემობრუნდება, ძალაში შევა ახალი სადამსჯელო სანქციები და ტარიფები.
რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტმა გაბედული ნაბჯი გადადგა, მაგრამ დაეთანხმება თუ არა თავის ამერიკელ კოლეგას რუსეთის პრეზიდენტი?
კრემლის ბოლოდროინდელი ქცევით თუ ვიმსჯელებთ, არ დაეთანხმება. გასულ შაბათს მოსკოვმა განაცხადა, რომ მისმა არმიამ ორი სოფლის ოკუპირება მოახდინა უკვე დონეცკის ოლქის მიღმა – დნეპროპეტროვსკის ოლქში, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი მხოლოდ დონბასის დაკავებით არ იფარგლება და კიევისაკენ მიიწევს, პარალელურად ინტენსიურად ბომბავს დასავლეთ უკრაინის ქალაქებს, თვით პოლონეთის საზღვრებამადეც კი. სიტუაცია იმდენად საგანგაშოა, რომ პოლონეთმა თავისი სამხედრო ავიაციის მზადყოფნა გამოაცხადა – იმ შემთხვევისთვის, თუ რუსული დრონები და რაკეტები პოლონეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევდნენ.
რუსეთის ოფიციალური რიტორიკა ძველებურად აგრესიული რჩება: დონალდ ტრამპის ახალი ულტიმატუმის საპასუხოდ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამერიკამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთთან ომის დაწყებისაკენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთი დასავლეთთან მარტოდმარტო ომობს“. რაც შეეხება სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ახალი შეხვედრები დაგეგმილი არ არის, სტამბოლში გამართული ბოლო მოლაპარაკება კი ისტორიულად სწრაფად დასრულდა – მხარეებმა ერთმანეთთან ერთი საათითაც კი არ ისაუბრეს.
მაგრამ ის, რომ ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს დონალდ ტრამპის გაბედულება ბოლომდე გამოსცადოს, ანუ აჩვენოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბლეფობს, ძალზე სახიფათო და მცდარ მოქმედებას წარმოადგენს. ალბათ, რუს ლიდერს ეგონა, რომ მისი ამერიკელი კოლეგა უკრაინის დახმარებას ინაუგურაციის შემდეგ შეწყვეტდა და რუსეთს „კარტ-ბლანშს“ მისცემდა აგრესიის გასაგრძელებლად, მაგრამ მისი ვარაუდები არასწორი აღმოჩნდა. დღეს დონალდ ტრამპი რუსეთს ერთადერთ დაბრკოლებად თვლის უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზაზე და შესაბამის ხისტ შეკავების პოლიტიკას ახორციელებს.
ისევე როგორც მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი, დღეს დონალდ ტრამპიც მხარს უჭერს უკრაინისათვის ამერიკული იარაღის მიწოდებას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდებას პირდაპირი ხასიათი არ ექნება – ის ჯერ ნატოს არსენალში დაგროვდება, შემდეგ კი იქიდან უკრაინას გადაეცემა. ამერიკული იარაღის შესყიდვას უკრაინისათვის აპირებენ გერმანია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, კანადა… აშკარაა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სერიოზულად გამოცოცხლდა, როცა ჰააგის სამიტზე სამხედრო ბიუჯეტის 5%-იანი ზრდა გამოაცხადა – მართალია, დროში გაჭიანურებული – 2035 წლამდე, მაგრამ მაინც.
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ნატოს წინააღმდეგ ალიანსს გაძლიერებისაკენ უბიძგა. ეს პროცესი ჯერ კიდევ ყირიმის ოკუპაციიდან დაიწყო, როცა ნატომ აღმოსავლეთის ფლანგზე სამხედრო ძალების თავმოყრა გადაწყვიტა, ხოლო 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ფინეთი და შვედეთი აიძულა ნატოს წევრები გამხდარიყვნენ. ამ ტენდენციას დონალდ ტრამპის რიტორიკა საკმაოდ აჩქარებს და უფრო მაღალ დონეზე აჰყავს.
რუსეთზე აშშ-ის ეკონომიკურ ზეწოლასაც ნეგატიური შედეგი ექნება ვლადიმერ პუტინის სამხედრო მანქანისათვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსულ „ჩრდილოვან საზღვაო ფლოტს“ – ტანკერებს, რომლებსაც რუსეთის ნავთობი სხვადასხვა ქვეყნებში გადააქვთ. და თუ ამერიკა საიმედოდ ჩაკეტავს იმ ხვრელებს, რომლითაც კრემლი სარგებლობს და ამის გამო მას ნავთობით შემოსავალი ისევ აქვს, მაშინ რუსეთის ეკონომიკური დაცემა გარდაუვალი იქნება.
დონალდ ტრამპმა მოთმინება დაკარგა ვლადიმერ პუტინის გაჭიანურებისა და ობსტრუქციონისტული ტაქტიკის გამო. ამერიკელი ლიდერის პოზიციის შეცვლა საქმეს იქამდე მიიყვანს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრაპთან თამაშს ინანებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ