“პუტინის დასამხობად ტიტანური შრომაა საჭირო” – ინტერვიუ ვლადისლავ ინოზემცევთან

110
spot_img

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) პოლიტიკურმა მიმომხილველმა კონსტანტინე ეგერტმა ინტერვიუ ჩამოართვა ცნობილ რუს ეკონომისტს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს ვლადისლავ ინოზემცევს, რომელსაც, რუსული კანონმდებლობის თანახმად, „უცხოელი აგენტის“ სტატუსი აქვს მინიჭებული. იგი, როგორც კრემლის კრიტიკოსი, ამჟამად საზღვარგარეთ, ესტონეთში (ტალინში) იმყოფება. ვრცელ ინტერვიუში, რომლის ტექსტური ვერსიის სათაურია „ვლადიმერ პუტინის დასამხობად ტიტანური შრომაა საჭირო“, ვლადისლავ ინოზემცევი საუბრობს რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე, ჩინეთისადმი კრემლის დამოკიდებულებაზე, დასავლურ სანქციებზე და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

– რუსული რუბლი ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ძალიან გაუფასურდა. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა რუსების ეკონომიკურ თვითშეგრძნებაზე?

– დიახ, იმოქმედა, მაგრამ არცთუ ისე. ჯერ ერთი, რომ მინდა ვთქვა, რომ რუბლი მაინცდამაინც ძალიან კატასტროფულად არ გაუფასურებულა. თუ გასული წლის საშუალო კურსს შევადარებს, როცა ერთი დოლარის 72 რუბლი ღირდა, ახლა საშუალოდ 80 დოლარამდე ღირს.  კი, დროდადრო 100 დოლარამდეც აღწევს, მაგრამ შემდეგ ისევ იკლებს. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უეცრად ძვირდება, რუბლის კურსის რყევის კვალდაკვალ.

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მინდა ვთქვა, რომ იმ წლებში, რაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაშია, როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რუსეთმა უდიდეს პროგრესს მიაღწია  იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში. ანუ, იმპორტი, რა თქმა უნდა, მუდმივად იზრდება, მაგრამ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით პროდუქტიის უცხოეთიდან შემოტანა არსებითად შემცირდა. (…) უფრო მეტიც, ერთი ძალიან მნიშვნელოვანია მომენტია, რომელსაც ჯეროვან ყურადღებას არ ვაქცევთ: რუსეთი, შეიძლება ითქვას, „აბსტრაქტული ერთობლიობაა“, რომელიც შედგება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისაგან, სხვადასხვა შემოსავლების მქონე ადამიანებისგან, რეგიონული გაერთიანებებისგან და ა.შ. ასე რომ, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვაქციოთ…

– ანუ, თქვენი აზრით, ვინ უფრო მეტად დაზარალდა რუსეთში დასავლური სანქციებით?

– ყველაზე მეტად დაზარალდა საშუალო კლასის ზედა ფენა, რომლის წარმომადგენლები ყოველთვის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ყველაზე ნაკლებად კი დაზარალდა პრეზიდენტის მიმართ მაქსიმალურად ლოიალური საარჩევნო ფენა, რომელიც, სხვებთან შედარებით, გაჭირვებული ადამიანებისაგან შედგება. ისინი არ დადიოდნენ საზღვარგარეთ, არ ჰქონდათ ცხოვრების მაღალი მოთხოვნილებები და პარალელურად, წელიწადში ხელფასის რამდენიმე ინდექსაციას იღებენ. ანუ, უკრაინის ომისგან დაზარალებულების 80% აღმოჩნდნენ დიდი ქალაქების მცხოვრებლები, რომლებსაც ფინანსურად საკმაოდ მაღალი შემოსავლები ჰქონდათ.

– ვინ გადაარჩენს ვლადიმერ პუტინს? ვინ არიან, თქვენი აზრით, ის მთავარი ადამიანები, რომლებიც კრემლის ეკონომიკას გადაარჩენენ?

– ვლადიმერ პუტინი ეკონომისტი არ არის, ამას თვითონაც კარგად ხვდება. მან ჯერ კიდევ ნულოვანი წლების დასაწყისიდან მკაფიოდ გაჰყო ერთმანეთისაგან ფუნქციები და მიდგომები. პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მთლიანად საგარეო პოლიტიკას, პრაქტიკულად, თითქმის მთელ საშინაო პოლიტიკასაც, მაგრამ ეკონომიკაში ნაკლებად ერეოდა, ის მხოლოდ გარკვეულ ორიენტირებს იძლეოდა, ანუ ამოცანებს სახავდა. მაგალითად, ახლა პრეზიდენტს სურს, რომ მომავალი წლისათვის, ომის გასაგრძელებლად, მინიმუმ 10 ტრილიონი რუბლი ჰქონდეს. ასეთი ამოცანა დასახა ვლადიმერ პუტინმა. როგორ იქნება მიღებული ამდენი ფული ბიუჯეტში? მას ასეთი დეტალები არ აინტერესებს. ამოცანა უნდა შესრულდეს.

დიახ, მას გვერდით ჰყავს აბსოლუტურად უპერსპექტივო და უჭკუო, უუნარო ადამიანები. რბილად რომ ვთქვათ, ავტომატური შემსრულებლები ცალკეულ დარგებში. ვთქვათ, დიმიტრი როგოზინი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ დააქცია მან „როსკოსმოსი“, უამრავი ფული ქარს გაატანა და მაინც გვერდით ჰყავს.

ერთია ფულის შეტანა ბიუჯეტში და ეკონომიკის გაკონტროლება, მეორე – ვინ როგორ დახარჯავს. პირველზე პასუხისმგებლობა ალექსი კუდრინს ეკისრება, რომელმაც ამ მიზნით 2018 წელს სარეზერვო ფონდი შექმნა (მოგვიანებით კი – ეროვნული კეთილდღეობის ფონდი).

ყოველთვის ვფიქრობდი, თუ როდის გამოუცხადებდა დასავლეთი ალექსი კუდრინს სანქციებს. როგორც იქნა, იგი სანქციების ქვეშ 2023 წლის ივლისში მოხვდა. არადა, დასავლეთს ეს ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინა, ის პირველი უნდა ყოფილიყო სიაში. სწორედ მისი დამსახურებაა მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ჩაყვანა. სწორედ მან შექმნა რუსეთის მასაზრდოებელი სოციალურ-ეკონომიკური ფონდები, სწორედ მან გადაქაჩა რეგიონებიდან ცენტრში ფინანსური რესურსები, გააღარიბა ისინი, მოსკოვმა კი მათი მართვა ფინანსურად დაიწყო. ანუ ალექსი კუდრინი მსოფლიო ცივილიზაციის ნომერი პირველი მტერია და ამ დროს ბევრი დასავლეთში მას დემოკრატად თვლიდა.

რაც შეეხება დანარჩენ ამხანაგებს – ცენტრალური ბანკიდან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებიდან – ისინი იმას აკეთებენ, რაც მათ თანამდებობის მიხედვით უნდა გააკეთონ. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად აკეთებენ და ვლადიმერ პუტინს პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში ხელს უწყობენ. ელვირა ნაბიულინა, ანტონ სილუანოვი, გერმან გრეფი, მაქსიმ ორეშკინი… მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს გამოქვაბულის ეპოქის კონსერვატორად და პოლიტიკაში საკმაოდ არაადექვატურ პიროვნებად ვთვლი, მან არცერთი თავის „ფანატი“, მაგრამ იმავდროულად უჭკუო პირები ეკონომიკურ საჭესთან არ მიუშვა.

– და ეს პირები აცნობიერებენ იმას, თუ რას აკეთებენ და რას ემსახურებიან?

– ისინი თავიანთ საქმიანობას იმით ამართლებენ, რომ აცხადებენ – „ვმუშაობთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინისათვისო“. ანუ, დავუშვათ, იმ რაკეტის რომელიმე მწარმოებელი, რომლითაც უკრაინელები იღუპებიან, არ ფიქრობს იმაზე, თუ საით მიფრინავს მის მიერ დამზადებული რაკეტა და რა შედეგი მოაქვს მის აფეთქებას… მაგრამ იგი დარწმუნებულია, სჯერა, რომ მუშაობს ქვეყნის ძლიერებისთვის, სახელმწიფოს ღირსებისათვის. იგი არ ფიქრობს იმაზე, რომ რაკეტა რომ არ დაემზადებინა, ამით ფული დაიზოგებოდა და მოხუცებისთვის პენსია მოიმატებდა. არა, კოლექტიური ელვირა ნაბიულინები პროფესიულად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს.

– ესე იგი, რუსეთში ვლადიმერ პუტინს ვერავინ დაამხობს?

– ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი შესაძლებელია, მაგრამ მისი განხორციელებისათვის ტიტანური მუშაობაა საჭირო. ჩემი ვარაუდით, ეს შეიძლება მოხდეს კრემლის ელიტის შიგნით მომზადებული გადატრიალებით. მაგრამ ამისათვის ის ჯგუფი, რომელიც გადატრიალებისთვის მოემზადება, კარგად უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ ა) მასობრივი მხარდაჭერა არ ექნება და ბ) წარუმატებლობის შემთხვევაში მას უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს.

– ვლადიმერ პუტინი, როგორც ბევრი თვლის, დამოკიდებულია კეთილი ჩინეთის ნებაზე და შედარებით უფრო ნაკლებად კეთილ ინდოეთზე, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ. თქვენი აზრით, მაინც ვისზეა დამოკიდებული რუსეთის პრეზიდენტი?

– დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ჩინეთზე და ინდოეთზე დამოკიდებულება მთლად მართალი არ არის. მე ასე ვიტყოდი: დიახ, ვლადიმერ პუტინი დამოკიდებულია სი ძინპინზე და ნარენდრა მოდიზე, მაგრამ არა მგონია, რომ იგი ამ დამოკიდებულებას საკუთარი თავის საზიანოდ თვლიდეს. ამ მხრივ, ის რაღაცაში მართალია. იმიტომ, რომ ერთია – პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნებაზე იყო დამოკიდებული, რომელსაც შენთვის ფულის და იარაღის მოცემა შეუძლია და არმოცემაც, თანხმობაც და უარის თქმაც. მეორე საქმეა – დამოკიდებული იყო გარკვეულ საერთო ეკონომიკურ კონიუნქტურაზე. ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემა იმით გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინი პირადად სი ძინპინისაგან, როგორც სახელმწიფოს მეთაურისგან, ვერც ფულს ვერ იღებს, ვერც სესხს და ვერც იარაღს, სამაგიეროდ, მშვენივრად მუშაობენ ჩინური კომპანიები და რუსეთთან ურთიერთმომგებიანად ვაჭრობენ. ფაქტიურად, ვლადიმერ პუტინი ჩინეთთან (და ინდოეთთან) მიმართებით რიგ შემთხვევებში პოლიტიკური მოღვაწიდან საბაზრო სუბიექტად გადაიქცა, რომელიც ცდილობს რაღაც თავის სასარგებლოდ მიიღოს. სხვათა შორის, ამას ის და მისი ხალხი საკმაოდ წარმატებულად აკეთებს. მაგალითად, ნავთობისა და გაზის მიწოდებაში, ევროპის ნაცვლად, მესამე ქვეყნებში.

– თქვენი აზრით, როგორია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა დღეს? მართლაც „ოკუპირებულია“ თუ არა რუსეთი ეკონომიკურად ჩინეთის მიერ?

– ჩინეთი რეალურად გახდა რუსეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი. ჩინეთმა ისე გამოიწია რუსეთისაკენ, რომ ქვეყნის მთელი ბაზარი დაიპყრო. ჩინური წარმოების ავტომობილების წილი ორი-სამი წლის წინანდელი 3%-დან დღეს 52%-მდეა გაზრდილი, კომპიუტერების – 80%-მდე, მობილური ტელეფონების წილი – 90%-ზე მეტად.

რუსეთი ჩინეთისათვის პროდუქციის გასაღების უზარმაზარ ბაზრად გადაიქცა. მართალია, მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს რუსეთი ჩინეთის დანამატია-მეთქი, მაგრამ აშკარაა, რომ ჩინური კომპანიები სწრაფად ითვისებენ ბოლო დრომდე აუთვისებელ დარგებს. საერთოდ, ყველა ეკონომიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ქვეყანა გარკვეულ სფეროებში მეტ-ნაკლებად ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. რუსეთიც არის ჩინეთზე დამოკიდებული და პირიქით. თუ რაიმე მოხდება, ვფიქრობ, დივერსიფიცირება რუსეთს შეუძლია, მაგრამ ვლადიმერ პუტინი, ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ მოულოდნელობა არ მოხდეს.

– როდის გაუთავდება ფული პუტინს ომისათვის?

– ყველაზე ბოლოს. მას შემდეგ, როცა აღარც ადამიანები ეყოლება და აღარც სამხედრო ტექნიკური წარმოების შესაძლებლობა არ ექნება. საერთოდ, კი ვფიქრობ, კრემლს უკვე ბევრ სფეროში დეფიციტი აქვს. პირველ რიგში, კვალიფიცირებული სპეციალისტების უკმარისობაში. მეორე – დასავლური ტექნოლოგიების დეფიციტი, რომელიც, „პარალელური იმპორტისა“ და სანქციების გვერდის ავლის მიუხედავად, მაინც არსებობს. მაგრამ ფულის დეფიციტი მას ნამდვილად არ აქვს.

წყარო