“პუტინის ბოროტი გენია“: რა დეტალები იმალება ტრამპ-პუტინის  სავარაუდო გარიგებაში”-The Independent

153
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინის ბოროტი გენია“: რა დეტალები იმალება ტრამპ-პუტინის  სავარაუდო გარიგებაში“ (ავტორი – ოუენ მეთიუზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპისათვის კრემლთან მოლაპარაკება უკრაინის ომის სწრაფი შეწყვეტის საშუალებას წარმოადგენს. და თუ მას ამისათვის ნობელის მშვიდობის პრემიას მიანიჭებენ, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტს ოცნება აუხდება (პლუს მომგებიანი გარიგებები ექნება ამერიკული ბიზნესისათვის – როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთშიც). თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინისათვის მოლაპარაკება ომში გამარჯვების აღიარების საშუალებაა, ხოლო გამარჯვებულს სამხედრო ტროფეიც ელოდება. პუტინმა სწორად გათვალა, თუ როგორ დაითანხმოს აშშ-ის პრეზიდენტი მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე – დაატკბოს ნებისმიერ გარიგება რაიმე მიმზიდველი საქმიანი წინადადებით ამერიკელებისათვის.

თეთრი სახლის ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, სატელეფონო საუბრის დროს ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნისათვის უდიდეს ეკონომიკურ მოგებას უზრუნველყოფს.

რომელ დარგებში შეიძლება დაიდოს გრანდიოზული ეკონომიკური გარიგებები? 1990-იან წლების დასაწყისში ამერიკულმა და ევროპულმა ტრანს ეროვნულმა კომპანიებმა, რომლებიც საკუთარ თვალს და ყურს არ უჯერებდნენ რაც მოხდა – საბჭოთა იმპერიის დაშლა – მზერა რუსეთს მიაპყრეს, რომ კომუნისტურ ნანგრევებზე გამდიდრებულიყვნენ. ამერიკულმა გიგანტებმა – ისეთებმა, როგორებიცაა Procter & Gamble, Ford, McDonald’s и Philip Morris, და ევროპულმა ბრენდებმა, როგორებიცაა Pirelli, Ikea, Volkswagen, Danone და Siemens, უამრავი ფული იშოვეს და მთელ რუსეთში ქარხნები და ფაბრიკები ააშენეს. 2020 წლისათვის McDonald’s-ის ვაჭრობამ რუსეთში კომპანიის მთელი ვაჭრობის 10% შეადგინა.

მაგრამ უკრაინასთან ომის დაწყების გამო ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთი დატოვა და თუ ისინი ისევ მოისურვებენ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, ამისათვის საკმაოდ ბევრი დრო იქნება საჭირო, პლუს აუცილებელი გახდება მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც ჩარლზ ჰეკერი, რუსულ ბაზარზე 40-წლიანი გამოცდილების მქონე გეოპოლიტიკური რისკების კონსულტანტი ამბობს, „იმ კომპანიებისათვის, რომლებიც რუსეთში დაბრუნდებიან,  პოლიტიკური რისკების დაზღვევა ასტრონომიულად მაღალი იქნება და საერთოდ საეჭვოა, რომ დაზღვევა განხორციელდეს. განა თეთრი სახლი მათი ბოლო ინსტანციის გარანტორი იქნება?“.

და მაინც თეთრი სახლის ლაპარაკმა იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობაში აშშ „დიდ მოგებას“ და „უდიდეს ეკონომიკურ გარიგებებს“ მიაღწევს, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ მალე აშშ რუსეთს სანქციებს მოუხსნის ან შეასუსტებს. გავიხსენოთ, რომ 2022 წელს აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიკას სწრაფად დაანგრევს და ვლადიმერ პუტინს სამხედრო ხარჯებისათვის ფული აღარ ექნებაო, მაგრამ მოხდა პირიქით – კრემლმა მოახერხა რუსეთის ეკონომიკის სწრაფი გადაყვანა საომარ ყაიდაზე (სამხედრო რელსებზე) და ირიბი გზები გამონახა ნავთობისა და გაზის ექსპორტისათვის. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვს პრობლემები არ აქვს… აქვს და თანაც საკმაოდ ბევრი, ამიტომ ვლადიმერ პუტინი, პრინციპში, ალბათ, მიესალმებოდა სანქციების გაუქმებას, თუმცა მას კიდევ აქვს შესაძლებლობა ორი-სამი წლის განმავლობაში ბრძოლა თავისუფლად გააგრძელოს.

რუსეთს ბევრი სიმდიდრე და მეტი რეზერვი აქვს. შტოკმანის გაზის საბადო, რომელიც არქტიკაში, კუნძულ ახალ მიწასთან ახლოს მდებარეობს, მსოფლიოში უდიდეს ბუნებრივი გაზის ისეთ საბადოს წარმოადგენს, რომლის დამუშავება ჯერ არ დაწყებულა, ანუ საბადო, შეიძლება ითქვას, [ამერიკელ] ინვესტორებს ელოდება. გარდა ამისა, ბევრი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 40-45 წლის წინ მიტოვებული ნავთობ-გაზის საბადოები შეიძლება ხელახლა ამოქმედდნენ, თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით [იმავე აშშ-ის ხელშეწყობით).

თეორიულად, დონალდ ტრამპის სამომავლო დაპირება, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები (ან მათი ნაწილი მაინც), სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ მოეხსნებაო, ამერიკას ევროკავშირთან დაპირისპირებას უქადის. იმიტომ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ანტირუსულ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებენ და გააფართოებენ. და თუ ვაშინგტონ-ბრიუსელის დაპირისპირება მართლაც გაღრმავდება ისედაც უკვე დაძაბულ ფონზე, ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს. გარდა ამისა, ევროპას აშშ-სთან დაპირისპირება კარგს არაფერს მოუტანს, მას გაუჭირდება ერთდროულად ეკონომიკაც განავითაროს, სამხედრო ხარჯებიც გაზარდოს და უკრაინასაც დაეხმაროს. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპას აუცილებლად დაჭირდება რუსული იაფი გაზი, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთი (აუფეთქებელი) მილსადენის მეშვეობით. მეორე (აფეთქებული) მილსადენის რემონტი დაახლოებით 200 მილიონი ევრო დანახარჯს მოითხოვს. გერმანული „ბილდის“ (Bild) მონაცემებით, „ჩრდილოეთის ნაკადი“ შეიძლება იჯარით ამერიკას გადაეცეს გაზის ექსპორტის განახლების მიზნით (ამისათვის შესაბამისი კონტრაქტის შემუშავება უკვე მიმდინარეობს).

რასაკვირველია, რუსული გაზის იმპორტის განახლება გერმანიასა და საერთოდ ევროკავშირში პოლიტიკურ დავებს გამოიწვევს. არიან მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ არიან მომხრეებიც, მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელმაც ბუნდესტაგის არჩევნებში ხმების 21% მიიღო.

რაც შეეხება „ყბადაღებული“ მინერალებით (იშვიათი მიწა ლითონების) სარგებლობის შეთანხმებას, რომელიც თეთრ სახლში მომხდარი ცნობილი სკანდალის შემდეგ ჯერაც არ დადებულა, საკმაოდ საეჭვოა ფართო ბიზნესის საწარმოებლად. მართლაცდა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, უკრაინაში პრაქტიკულად არ არის იმ „იშვიათი მიწა ქიმიური ელემენტების“ დიდი საბადოები, რომლებიც განსაკუთრებულ ჯგუფში შედის, 17 დასახელებით და რომლებიც ელექტრონულ წარმოებაში და აკუმულატორების დასამზადებლად გამოიყენებიან.

და თუნდაც ასე არ იყოს და ჩავთვალოთ, რომ უკრაინას იშვიათი მიწა ლითონების დიდი მარაგები აქვს, სამწუხაროდ, მათ ექსპლუატაციას კიევი ვერ ახორციელებს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ლითიუმის ყველაზე მომგებიანი საბადო რუსებს აქვთ ოკუპირებული. ასე რომ, მინერალების შესახებ აშშ-უკრაინის სავარაუდო ხელშეკრულებას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული.

მაგრამ დონალდ ტრამპი თავისი „გარიგების დადების ოსტატის“ იმიჯით ძალიან არის გატაცებული. ვლადიმერ პუტინმა ეს შენიშნა და მზადაა ამერიკელი კოლეგა ნებისმიერი შეთავაზებით მოხიბლოს და სანქციები გააუქმებინოს, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ რუსეთი ისევ იქნება აღიარებული ძლიერ სახელმწიფოდ.

მოამზადა სიმოინ კილაძემ

წყარო: