“პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში”-BBC

17
spot_img

„დასავლეთის პრესა თვლის, რომ ალასკის სამიტზე ყველაზე უარესი – უკრაინის დანაწილება უკრაინის გარეშე – არ მომხდარა, თუმცა ვლადიმერ პუტინისათვის სამიტი ტრიუმფი გახდა. რუსულ მასმედიაშიც გამარჯვებას ზეიმობენ“, – ასეთია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (ВВС) მიერ მომზადებული მსოფლიო პრესის მიმოხილვა, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში“ (ავტორი – ნატალია ზოტოვა). სტატიაში ასევე მიმოხილულია რუსული მასმედიის მასალებიც.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთის პრესა:  ანკორიჯში გამართულ შეხვედრის ირგვლივ?

ევროპული და ლიბერალური ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ორი ლიდერის შეხვედრას ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას უწოდებენ.

„იმ მომენტიდან, როგორც კი ვლადიმერ პუტინმა თვითმფრინავიდან ფეხი დაადგა ალასკის მიწას, წითელი ხალიჩით გაფენილს, მისი ვიზიტი ტრიუმფად იქცა. პუტინს მასპინზელი აპლოდისმენტებით შეხვდა  – წერს ბრიტანული „ეკონომისტი“ (The Economist) სტატიაში სათაურით “დონალდ ტრამპის საჩუქარი ვლადიმერ პუტინს: რუსეთის ლიდერს პატივს სცემენ, მაგრამ ცოტას სთავაზობენ“, – „ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გამართულმა შეხვედრამ რუსეთის პრეზიდენტი ევროპიდან გარიყული ადამიანიდან ამერიკული მიწაზე საპატიო სტუმრად გადააქცია“.

„ვლადიმერ პუტინმა სამიტისაგან ის მიიღო, რაც სურდა“, – ნათქვამია ესპანურ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპის წყალობით, პუტინი იზოლაციაში აღარ არის: ალასკაზე უმაღლესი დონით მიღების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის საკითხში შეუვალია“ (ავტორი – მაკარენა ვიდალი). „თბილი მიღება და დიდი პატივი უძლიერესი სახელმწიფოს – აშშ-ის ლიდერისაგან, თანაც რაიმე დათმობის გარეშე მისი მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის საერთაშორისო იზოლაცია ისე  დაასრულა, რომ მისგან ცეცხლის შეწყვეტის თანხმობა არ მიუღია“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ფრანგული გაზეთი „ლე მონდე“ (Le Monde) სტატიაში „დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინისაგან ცეცხლის შეწყვეტას ვერ მიაღწია“ (ავტორები – არნო ლეპარმანტე და მარი ჟეგო)  ყოველგვარი ნართაულობის გარეშე პირდაპირ არის ნათქვამი, რომ შეხვედრა „დონალდ ტრამპის აშკარა ჩავარდნას წარმოადგენს“. მართლაცდა, სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე იგი ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ კამყოფილი არ იქნებოდა, თუ შეხვედრის დროს ზავის დადებას ვერ მიაღწევს, „რუსეთს სერიოზული შედეგები ელოდებაო“. ალბათ სწორედ ამიტომ  არ მისცა ნება ჟურნალისტებს კითხვები დაესვათ: სამიტის შემდეგ დაგეგმილი პრეს-კონფერენცია  პრეზიდენტების უბრალო გამოსვლად და პოზიციების დაფიქსირებად გადაიქცა – ტრამპმა იცოდა, რომ მას აუცილებლად ჰკითხავდნენ „რუსეთისათვის სერიოზულ შედეგებზე“.

„გაჭიანურებული დიპლომატიური მცდელობები ომის დასრულების მიზნით რუსეთის ჯარებს ფრონტზე უპირატესობას აძლევს“, – აღნიშნულია აშშ-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ესოშეითედ პრესის“ (Associated Press) სტატიაში სათაურით „დასკვნები ტრამპ-პუტინის სამიტიდან: არავითარი გარიგება, არავითარი კითხვები, მაგრამ ბევრი პომპეზურობა“ (ავტორი – მეთიუ ლი). „რამდენიმე დღის წინათ, დონბასის ფრონტზე რუსეთის არმიამ გარღვევა განახორციელა და მოწინააღმდეგის თავდაცვაში 10 კილომეტრით შეაღწია, ალასკაში კი რუსეთის ჯარების უმაღლეს მთავარსარდალს აშშ-ის არმიის უმაღლესი მთავარსარდალი გადაჭარბებული პატივით ხვდება“.

„ალასკის სამიტი გარღვევისა და შეთანხმების დადების გარეშე დასრულდა. კრემლი კმაყოფილია, ამ დროს კი აშშ-ის პრეზიდენტი ისეთ სახით ლაპარაკობდა, რომ თითქოსდა საქმე კარგად არის. უკრაინის სიტუაცია ძალიან რთულია. რას მოუტანს ომის გაგრძელება კიევს? სავარაუდოდ, ძალიან ცუდ შედეგებს“, – წერს გერმანული „შპიგელი“ (Der Spiegel) სტატიაში სათაურით „ძირითადი დასკვნები: რას მოუტანს მსოფლიოს ანკორიჯის შეხვედრა?“ (ავტორები – ანა-დროით ბოი და ქრისტინა ჰებელი), – ყველა ელოდა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრის დროს რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში კითხვები უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე პასუხები. სამიტის შემდეგ ე.წ. პრეს-კონფერენციაზე, რომლის დროსაც ჟურნალისტებს კითხვების დასმა არ აცალეს,  ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ეთვალთმაქცებოდნენ“.

ამერიკული ტელეარხის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, სათაურით „ტრამპს არ წაუგია, მაგრამ პუტინმა აშკარად მოიგო“ (ავტორი – ამირ ვერა) გამოქვეყნებულია დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის (პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს) ჯონ ბოლტონის თავალსაზრისი: „გასაგებია, თუ ვინ გამოვიდა გამარჯვებული ალასკის სამიტზე – ვლადიმერ პუტინი. დონალდ ტრამპმა ვერაფერი მიიღო, სამომავლო შეხვედრის გარდა, ვლადიმერ პუტინმა კი თავიდან აიცილა სანქციები, იგი ომს გააგრძელებს, ვოლოდიმირ ზელენსკი კი მოლაპარაკების პროცესს ჩამოაშორეს. რა თქმა უნდა, ეს დასასრული არ არის, მაგრამ მე მაინც ასე ვიტყოდი: პუტინმა სურვილების დიდი ნაწილის შესრულებას მიაღწია, ტრამპმა კი ძალიან ცოტა მიიღო“.

„ლიდერების ასეთი თბილი შეხვედრის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს ახლო მომავალში ამერიკული სანქციების გამკაცრება ელოდება“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკო“-ში (Politico) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით   „პუტინის ტრიუმფი ალასკაზე: რუსეთის ლიდერს ყველა საფუძველი აქვს, რომ ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის სემდეგ გახარებული იყოს“ (ავტორი – ჯეიმს დიტმარი), – „რუსმა ლიდერმა, რომელიც იმედგაცრუებული იყო ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტთან ურთიერთობით, როგორც ჩანს, ახლა დროის მოგება შეძლო, რათა ეკონომიკური სანქციები თავიდან აეცილებინა. მან ანკორიჯი მაღალი განწყობით დატოვა და მთავარს მიაღწია – თბილ მიღებას და დიდ პატივს დონალდ ტრამპისაგან“.

იტალიის მთავარი გაზეთის „კორიერე დელა სერას“  (Corriere Della Sera) სტატიაში, რომლის სათაურია „ტრამპი-პუტინი: შეთანხმება არ მომხდარა. რუსი მეფე ევროპას აფრთხილებს: „ხელი არ შეგვიშალოთ“, ავტორი – ვივიანა მაცა წერს: „ბევრი ხმაური არაფრის გამო? დონალდ ტრამპის მუქარები ფაქტიურად მხოლოდ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. ერთი შეხედვით „ისტოიულ სამიტზე არაფერი ისტორიული არ მომხდარა – მხოლოდ პროპაგანდა, იმჯიჯური ეფექტები, მეგობრული ღიმილი, თვალთმაქცობა. ერთი რამ მართლაც აშკარაა – ვლადიმერ პუტინის რეაბილიტაცია, მისი ლეგიმიტაცია. მაგრამ ის, რომ „პრეს-კონფერენციაზე“ სიტყვები „ზავი“ და „ცეცხლის შეწყვეტა“ წარმოთქმული არ ყოფილა, ცუდის ნიშანია. ეს არის გაფრთხილება ევროპელებისათვის“.

იმავდროულად დასავლური პრესა იმასაც აღნიშნავს, რომ სამიტის დროს ყველაზე უარესი, რასაც უკრაინა და ევროპა ელოდა, არ მომხდარა: უკრაინის ბედი უკრაინელებისა და მათი თანხმობის გარეშე არ გადაწყვეტილა.

„წინა წლებში რომ მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს ევროპის ცენტრში მიმდინარე სისხლისმღრელი ომი ვერ შეეჩერებინათ, ეს წარმოუდგენელ და უპრეცედენტო ფაქტად იქნებოდა აღქმული“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „გარიგება არ დადებულა, მაგრამ პუტინისათვის ამას მნიშვნელობა არ აქვს: მთავარი ისაა, რომ თბილმა მიღებამ რუსეთის ლიდერი გააძლიერა“ (ავტორი – დევიდ სანგერი), – „მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, უკრაინელებისა და მისი ევროპელი მეზობლებისათვის ტრამპ-პუტინის სამსაათიანი უშედეგო შეხვედრა, ანუ ის, რომ ომი ვერ შეჩერდა, პოზიტიურ მოვლენად იქნა წარმოდგენილი“.

როგორ აფასებს სამიტს რუსული მასმედია?

 რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა დიდი ყურადღება დაუთმეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტს, რომელიც, მათი შეფასებით, „ისტორიულია“ და რომელიც „რუსულ ამერიკაში“ გაიმართა: ლიდერთა საუბრის შედეგად მიღწეულია ურთიერთგაგება, რომელმაც შეიძლება უკრაინისათვის მშვიდობის გზა გახსნას“.

ტელეკომპანია „როსია-1“-ის (Россия-1) ეთერში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ხელმოწერილი დოკუმენტების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკება უშედეგოდ უნდა ჩაითვალოს – იმიტომ, რომ სამიტის დღის წესრიგით, არანაირი დოკუმენტების გაფორმება დაგეგმილი არ ყოფილა. გარდა ამისა, სამიტის რეპორტაჟებისა და მის შემდგომ კომენტარებში ხაზგასმულია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ტრიუმფი, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობაში „ახალი ერის“ დადგომას მოასწავებს. გარდა ამისა, კრემლის გამარჯვებად ითვლება ის, რომ თეთრმა სახლმა გადადო სანქციების შემოღება რუსეთისა და მისი მოკავშირეების (ინდოეთის და ჩინეთის) მიმართ.

ტელეარხმა „პერვიი კანალმა“ (Первый канал) აღნიშნა, რომ „ცივი ომის დროინდელი ბნელი პერიოდი უკან არის დარჩენილი“ და რომ ორმა ლიდერმა ურთიერთნდობა განამტკიცა. „ეს არის მკაფიო სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსათვის, რომ რუსეთის გარიყვა და იზოლირება შეუძლებელია“.

რაც შეეხება რუსულ პრესას: გაზეთებში „კომერსანტში“ (Коммерсантъ), „როსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета), „იზვესტიაში“ (Известия) ძირითადად გამოხატულია სამიტის დადებითი შეფასებები. საინტერესოა გაზეთ „მოსკოვსკიი კომსომოლეცის” (Московский комсомолец) პუბლიკაცია სათაურით: „ჯერ-ჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს“: პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკება მოულოდნელად დასრულდა. ლიდერები ერთმანეთს თბილად შეხვდნენ და ცივად დაშორდნენ, არც კი უსადილიათ“ (ავტორი – ელენა ეგოროვა). „თავდაპირველად ისეთი მოლოდინი იყო, რომ მოლაპარაკება 6-7 საათი გაგრძელდებოდა, მაგრამ სამ საათზე მოკლე დროში დასრულდა. მეორე რაუნდში დაგეგმილი იყო სადილი, რომელიც გაუქმდა, პრეს-კონფერენცია კი კითხვების გარეშე დასრულდა, რაც დონალდ ტრამპის მხრიდან უჩვეულო იყო: მას ძალიან მოსწონს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების გაცემა.  დაგეგმილი იყო 5-5 კითხვა ამერიკელი და რუსი ჟურნალისტების მხრიდან, მაგრამ ასე არ მოხდა. პრეზიდენტები მოკლე განცხადებების შემდეგ დუმილით გავიდნენ სცენიდან. როგორც ერრთ-ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა თქვა, „ეს საკმაოდ საგანგაშო სიმპტომს წარმოადგენს“, ხოლო დონალდ ტრამპისათვის „ძალიან უჩვეულო მოქმედებას“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო