პოლონეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვარშავაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალული პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, პოლონეთის რესპუბლიკის ახალი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – „ბრინჯაოს არწივის ორდენი“ – გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ორდენის გადაცემა მოხდა უშუალოდ პოლონეთის რესპუბლიკის მეცნიერების და უმაღლესი განათლების მინისტრის, დოქტორ პრშემისლავ ჩარნეკის ინიციატივითა და წარდგინებით.
„ორდენი, ასევე, მიენიჭა ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრს, ევროპარლამენტის დეპუტატ, პროფესორ კაროლ კარსკის.
ვახტანგ მაისაიას აღნიშნული ჯილდო გადაეცა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მას პოლონეთში მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების საქმეში შეაქვს, ასევე, მისი განსაკუთრებული სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საქმიანობისთვის სამხედრო მეცნიერების, უსაფრთხოების კვლევებისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.