პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

61
spot_img

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს და უცხო ქვეყნის 22 მოქალაქეს, ქ.თბილისში, იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართები მოტყუებით შეაძენინეს. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულები დაარწმუნეს, თითქოსდა მათ მიერ გადახდილი თანხა შენობის რეაბილიტაციას და საცხოვრებელი ბინების რემონტს მოხმარდებოდა და საცხოვრებელ ფართს სრულად კეთილმოწყობილ მდგომარეობაში მიიღებდნენ.

დაზარალებულები ნასყიდობის შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხებს პერიოდულად იხდიდნენ, თუმცა ბრალდებულები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს არ ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები წლების განმავლობაში ატყუებდნენ მათ, რომ გამართულ საცხოვრებელ ბინებს ჩააბარებდნენ, რის შედეგადაც, მოქალაქეთა მიერ გადახდილ თანხას თაღლითურად ისაკუთრებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებულები დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 694 574 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე 100 000 აშშ დოლარის და 35 000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.