Pro V&V-ის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და კომპანიას პრობლემები არ გამოუვლენია -ცესკო

5
spot_img

ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა და აუდიტის სამივე ეტაპის შესახებ დასკვნა  ცესკო-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

დასკვნაში ნათქვამია – „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და მოახდინა მათი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება, პირველ ელექტრონულ არჩევნებში. Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის, პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა. ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას შემოწმდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები (VIU Desktop 818-100), ხმების დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები (PCOS SAES- 1800Plus) და ტაბლეტ-კომპიუტერები (Lenovo Tab K11). Pro V&V დააკვირდა არჩევნების ჩატარების პროცესს, კერძოდ უბნების კომისიის წევრებს, უბნის ტექნიკურ პერსონალს (რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერაზე), ასევე თავად ამომრჩევლებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალთან დაკავშირებით, აუდიტი ფოკუსირებული იყო არჩევნების დღისთვის მათი მზადყოფნის შეფასებაზე, ხოლო ამომრჩევლების შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა ხმის მიცემის აპარატებით სარგებლობაზე. ამასთან, შეფასდა შედეგების გადაცემა, სიზუსტისა და ეფექტურობის დასადგენად.

კომპანია Pro V&V-მ  პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა. Pro V&V-მ პროექტის პირველი ეტაპის (პროგრამული განახლებები) ფარგლებში ჩაატარა საწყისი კოდის შემოწმება (ფუნქციური რეგრესიული ტესტირება), მეორე ეტაპზე კი (არჩევნების კონფიგურაცია) Pro V&V-მ ჩაატარა კონფიგურაციის აუდიტი და შეამოწმა ყველა საჭირო ფაილი პროცესის სერტიფიცირების მიზნით.

საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ:

ცესკო-ს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან; ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი; ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში; ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა; აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.

ჩატარებული აუდიტის სამივე ეტაპის შესახებ მომზადებული დასკვნა საჯაროა და განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. ყველა დაინტერსებულ პირს საშუალება აქვს, გაეცნოს მას და მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც პროცესთან მიმართებაში დაისვა“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ Pro V&V საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა. კომპანიამ დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ჩაატარა. ამერიკული კომპანიის ანგარიშის თანახმად, „პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა“.