როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არაფერი უშლიდა ხელს, რომ თუ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით რაიმე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გამოეძიებინა.
რაქვიაშვილის შეფასებით, ადგილი აქვს აზრს მოკლებულ და არგუმენტებისაგან დაცლილ წინასაარჩევნო სპეკულაციას.
„პირველ რიგში, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ “ქართულ ოცნებას” არაფერი აქვს სათქმელი და 16 წლის წინანდელ ისტორიებს თუ 9-წლიან მმართველობას უბრუნდება. ის არჩევნებზე გასვლას ისევ „ნაცებზე” ლაპარაკით აპირებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
„ქართულ ოცნებას” არაფერი უშლის ხელს, რომ გამოძიება ახლაც ჩაატაროს ან ადრე გამოეძიებინა – მის ხელშია სუს-ი, პროკურატურა, სასამართლო, წვდომა აქვს საიდუმლო მასალებზე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად არაფერია გამოსაძიებელი.
სხვა შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ღალატობდნენ ქვეყანას, რადგან ხედავდნენ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” რაღაც საშინელებები ჩაიდინა და არ გამოიძიეს.
ეს ყველაფერი წინასაარჩევნო სპეკულაციაა და სხვა არაფერი”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.