გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოსთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედონ და ცესკო-ში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება არავის უნდა მისცენ.
„არ ვიცი, კონკრეტული ადამიანების ინტერესებში რატომ არის, რომ ხელოვნურდ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში. ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ეს მიზანი ჩაიდო თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებაში, პირველ ვერსიაში კიდევ უფრო მძაფრად. ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ვეტოც. ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის, რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არავის მივცეთ ცესკო-ში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა მოხდეს არანაკლებ 90 ხმით.